პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიოს მოსახლეობა ერთგვარმა პანიკამ მოიცვა, რამაც პროდუქტებისა და ნივთების უკონტროლო რეალიზება გამოიწვია. ალბათ, ყველას გახსოვთ დაცარიელებული დახლები მაღაზიებში და ყველაზე საკულტო, ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი.
საინტერესოა, რომელი პროდუქტები გაიყიდა 2020-2021 წლებში ყველაზე მეტად მსოფლიოში?
აშშ: საფუარი
აშშ-ში 2020 წელს, როდესაც პანდემია გამოცხადდა, საფუარის გაყიდვებმა 647% –ით მოიმატა. “ნილსენის“ თანახმად, აშშ-ში საფუარის წარმოების და გაყიდვის ბუმი ზაფხულის თვეებშიც გაგრძელდა. წინა წლის მაისის ბოლოს გაყიდვებმა 258.5%-ით მოიმატა. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამის შემდეგ თითქმის ყველა წონაში მომატებაზე წუხდა.
საფუარისგან განსხვავებით, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების მიხედვით ნომერ პირველი იყო ფქვილი.
მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანიკის ტალღამ მოიცვა, შეზღუდვები დაწესდა და პანდემია გამოცხადდა, ფქვილზე მოთხოვნა პირდაპირპროპორციულად გაიზარდა. მოსახლეობის ნაწილმა პურის და ცომეულის ცხობა სახლში დაიწყო, ნაწილმა კი კრიზისისთვის მოიმარაგა. Co-op სუპერმარკეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის მარტში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიაში ფქვილის რეალიზაცია 205% -ით გაიზარდა. მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, დიდ ბრიტანეთში ფქვილის ქარხნებმა დაუღალავად იმუშავეს, რადგან გაყიდვები 92% -ით გაიზარდა. მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და გლობალური ფქვილის დეფიციტი შესამჩნევი გახდა. მაისში, ინგლისში დამატებით აამუშავეს 1000 წლის წისქვილი.
მაკარონი
მაკარონი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით კოლოსალურად გაიზარდა. 2020 წლის მარტში, კანადაში გაყიდვები 205% -ით გაიზარდა. Canadian Grocer- ის მიხედვით სუპერმარკეტების გერმანულმა ქსელმა Aldi- მ იტალიაში მაკარონის ჩასატანად დამატებითი სატვირთო მატარებლები გაგზავნა.
დიდ ბრიტანეთში, სუპერმარკეტების უმრავლესობამ მაკარონის რაოდენობაზე შეზღუდვები დააწესა. ერთ პირს მხოლოდ განსაზღვრული წონის მაკარონის შეძენა შეეძლო.
პროდუქტები გლუტენის გარეშე
პანდემიის დროს ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ასევე პროდუქტებზე გლუტენის გარეშე. ადამიანებს, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ და მარაგი წინასწარ შეავსეს. ტედენცია დაფიქსირდა კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა დიდ ქვეყნებში. გლუტენის გარეშე პროდუქტების გაყიდვა 2020 წელს 17,6% -ით გაიზარდა.
იტალიაში “მოცარელას“ დეფიციტი იყო
Co op– ის მონაცემებით, 2020 წლის მარტში იტალიაში ყველაზე პოპულარული პროდუქტი „მოცარელა“ იყო. მისმა გაყიდვებმა 125% –ით მოიმატა. ფქვილითა და საფუარით, სავარაუდოდ, ბევრმა იტალიელმა გააკეთა პიცა კარანტინის დროს.
ესპანეთი: ზეთისხილი
ჟურნალ Inforetail– ის თანახმად, პირველი კარანტინის დროს, 2020 წლის მარტში, ესპანეთში ზეთისხილის გაყიდვები 93,8% –ით გაიზარდა. ზეთისხილზე მოთხოვნა მხოლოდ ესპანეთში არ გაზრდილა. ჩრდილოეთ ამერიკის ზეთისხილის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღნიშა, რომ აშშ-ში ზეითუნის ზეთის გაყიდვების 23.5% -ით, ხოლო იტალიაში გაყიდვები 22% -ით გაიზარდა. საკვები ზეთის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ეროვნული ასოციაციის (Anierac) თანახმად, ესპანეთში იანვარ-აგვისტოს მთელი პერიოდის განმავლობაში გაყიდვები 9% -ით გაიზარდა.
შოკოლადი
მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის შოკოლადიც მოხვდა. 2020 წელს დაწყებული ზრდის ტენდენცია, 2021 წელსაც გრძელდება. Inforetail– ის თანახმად, ესპანეთში შოკოლადის გაყიდვები აპრილში თითქმის 80% –ით გაიზარდა, რადგან ქვეყანა კარანტინს მოერგო. აშშ-ში კი გაყიდვებმა 5,5%-ით მოიმატა.
ღვინო
“ნილსენის“ მონაცემებით, აშშ – ში, 2020 წლის 21 მარტიდან ღვინის გაყიდვებმა თითქმის ორი მესამედით მოიმატა. ხოლო ვარდისფერი ღვინის გაყიდვებმა საფრანგეთში 3,2% –ით მოიმატა. ესპანეთში 62,7% -იანი ზრდა დაფიქსირდა.
ღვინოსთან ერთად, პანდემიურ ხასიათს ძალიან მოუხდა ლუდი. როგორც “ნილსენი“ აქვეყნებს, აშშ – ში 2020 წელს ლუდის გაყიდვებმა 42% –ით მოიმატა. ყველაზე პოპულარული იყო ლუდი სახელად “კორონა“. გამოკითხვის თანახმად, აშშ-ს ლუდის მსმელთა 38% –მა თქვა, რომ “კორონას“ “არავითარ შემთხვევაში“ არ იყიდდა, მაგრამ სტატისტიკა სხვა მონაცემებს აჩვენებს. „ნილსენის“ თანახმად, “კორონას“ გაყიდვები 50% -ით გაიზარდა. დიდ ბრიტანეთში „კორონა“ იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი, რადგან 2020 წელს გაყიდვებმა 40%-ით მოიმატა.
დიდ ბრიტანეთში ძალიან მოიმატა “სახლის ტანსაცმლის“ გაყიდვებმა. მიზეზს ალბათ, ყველა ხვდება. ონლაინ გაყიდვებით კომფორტული მაისურებისა და ტანისამოსის გაყიდვა 2020 წლის 24 მარტიდან 7 აპრილამდე 433% -ით გაიზარდა. The Wall Street Journal– ის ანგარიშის თანახმად, შეერთებულ შტატებში გაყიდული სპორტული ტანსაცმლის რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. ასევე პოპულარული იყო წვერის საპარსები და თმის საჭრელი.
ინდურმა ელექტრონულმა კომპანიამ Havells 2020 წლის აგვისტოში წვერის საპარსის გაყიდვების ხუთჯერ ზრდა დააფიქსირა. ანალოგიურად გაიზარდა თმის საღებავების გაყიდვები. ასევე პოპულარული იყო სამაგიდო თამაშები, პაზლები, ხის კუბიკები, ლეგო, ეზოს სათამაშო მოწყობილობები, როგორიც არის ბატუტი, მინი ატრაქციონები და ა.შ.
აშშ: იარაღი
პანდემიის დაწყებისთანავე იარაღის მაღაზიებთან ამერიკის მოქალაქეების რიგები დადგა. 2020 წლის მარტში გაიყიდა ორ მილიონზე მეტი იარაღი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც FBI-მ მონაცემების შეგროვება დაიწყო 20 წლის წინ.
FBI– მ იმავე თვეში 3,7 მილიონზე მეტი შემოწმება ჩაატარა, საიდანაც გაირკვა, რომ 2019 წელის მარტთან შედარებით, იარაღის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა.
შედარებით ნაკლები მოთხოვნა იყო სახლის სავარჯიშო აქსესუარებზე: ხალიჩები, რეზინები, გირები და მინის ტრენაჟორები. ასევე მცენარეების თესლებზე. თუმცა, გაყიდვებში ზრდა მაინც დაფიქსირდა.
(წყარო - lovemoney.com)