განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.