თხილის „მიქსი“ და ახალი საექსპორტო ბაზრები - რა გეგმები აქვს „ქარელის ხილს”, რომელიც „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება

ჩირის კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც „ჩიკორის“ ბრენდით არის ცნობილი, მარტის ბოლოს ქართულ ბაზარს ახალ პროდუქტს წარუდგენს. კერძოდ, ეს იქნება კაკლის, თხილის, მიწის თხილის და ნუშის ნაზავი, რომელიც საცალო შეფუთვით, „მიქსის“ სახით გაიყიდება.

როგორც კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ანა სოსელია East fruit-თან საუბრისას აცხადებს, თხილის „მიქსის“ რეალიზაცია 100-გრამიანი შეფუთვებით მოხდება.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კაკლის კულტურაზე მოთხოვნა დიდია, შესაბამისად, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი პროდუქტიც მომხმარებლების დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

გარდა ამისა, როგორც ანა სოსელია ამბობს, სულ მალე თხილის „მიქსი“ უცხოურ ბაზრებზეც გავა.

ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს, ნესვის, საზამთროს, ქლიავის, გარგარის, ხურმის, მანდარინის, ვაშლის ჩიფსებს და ასევე შოკოლადიან ჩირს, რომელიც კომპანიის ინფორმაციით, ყოველგვარი დანამატების გარეშეა.

როგორც ანა სოსელია აცხადებს, 2020 წელს საწარმოში პროდუქციის წარმოება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. იმის გამო, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჩირი პირველადი მოხმარების პროდუქტი არ არის, გაყიდვების მხრივ, „ქარელის ხილმა“ დაგეგმილ მაჩვენებელს ვერ მიაღწია. თუმცა, წინა წელთან შედარებით, მაინც მზარდი იყო. ამავდროულად კი, საექსპორტო ბაზრებზე კომპანიის გაყიდვების გეგმა სრულად შესრულდა. მხოლოდ ზოგიერთი შეკვეთა რამდენიმე თვით უცხოელი პარტნიორების თხოვნით გადაიდო.

„2021 წლის მოლოდინები დადებითია. ეს განპირობებულია როგორც ექსპორტის მოთხოვნის ზრდით, ასევე შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის წინაპირობებით. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ წლიური წარმოების გაზრდას, მთლიანობაში, 150 ტონამდე“,- განაცხადა ანა სოსელიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანის მიერ წარმოებული პროდუქციის 30% ექსპორტზე გადის.

„ძირითადი საექსპორტო ბაზრები ამჟამად არის ლიეტუვა, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, იაპონია და ჩინეთი. საექსპორტო მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე ახლა საკმაოდ აქტიურია. ჩვენი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ უცხოურ ბაზრებზე ხალხი მას უკვე კარგად იცნობს. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა ჩვენს მუდმივ პარტნიორთან და მათ ემატება ახლები. ერთი თვის წინ, ჩვენ ისრაელში გავიტანეთ ჩირის პირველი პარტია. აპრილში კი, ყატარში ვგეგმავთ საცდელი პარტიის გაგზავნას“,- აცხადებს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.

ცნობისთვის, ხილის გადამამუშავებელი საწარმო "ქარელის ხილი" 2015 წელს გაიხსნა. 2020 წლის იანვარში კომპანიამ FSSC 22000 სურსათის უვნებლობის სერთიფიკატი მიიღო. „ქარელის ხილის“ ბაღები 30 ჰექტარზე მეტ ფართობს იკავებს. კომპანია პროდუქციის საწარმოებლად იყენებს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილ ხილს.

ნინი ქეთელაური