სუეცის არხის ჩაკეტვა მსოფილოს საათში 400 მილიონი დოლარი უჯდება

Bloomberg-ის ცნობით, სუეცის არხის მეჩეჩზე გიგანტური კონტეინერმზიდ Ever Given-ის გაჭედვამ საზღვაო გადაზიდვები გააძვირა.

არხის შესასვლელთან, ნავთობის ჩათვლით, უკვე 10 მლრდ დოლარის ტვირთია დაგროვილი.

ჩინეთიდან ევროპაში 12-მეტრიანი კონტეინერის გადაზიდვა 8 ათასი დოლარით გაიზარდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 4-ჯერ მეტია. ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთის მიმართულებით გიგანტური ნავთობგადამზიდავი ტანკერების დღიური მოგება 1371 დოლარამდე გაიზარდა. 1 მლნ ბარელი ნავთობის გადამზიდავი კომპანია Suezmax-ის სატვირთო გემების დღიურმა მომსახურებამ 2020 წლის ივნისიდან დღემდე ღირებულების მაქსიმუმს მიაღწია და 17 ათასი დოლარი გახდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სუეცის არხის ჩაკეტვა შესაძლოა, რამდენიმე კვირით გაგრძელდეს, ტვირთის გამგზავნი კომპანიები ალტერნატიულ მიმართულებას ეძებენ და გემების გაგზავნას სამხრეთ აფრიკის ე.წ. კეთილი იმედის კონცხის შემოვლით ფიქრობენ. თუმცა ეს მარშრუტი 9,6 ათას კილომეტრით მეტი გამოდის და მხოლოდ საწვავზე ხარჯი 300 ათასი დოლარით გაიზრდება იმ სუპერტანკერებისთვის, რომლებსაც ტვირთი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ გადააქვთ.

კომპანია Lloyd’s List-მა დაიანგარიშა, რომ სუეცის არხის ერთსაათიანი ბლოკირება მსოფლიო ვაჭრობას 400 მლნ დოლარი უჯდება. კომპანიამ ეს თანხა იმ ტვირთების ღირებულებიდან გამოიანგარიშა, რომლებიც სუეცის არხით ყოველდღე გადააქვთ. ევროპის მარშრუტის ტვირთების ყოველდღიური ღირებულება Lloyd’s List-მა 5,1 მლრდ დოლარად, აღმოსავლეთის მარშრუტის კი - 4,5 მლრდ დოლარად შეაფასა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ