ვეგანებისთვის მრავალფეროვანი საკვების წარმოება ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს.
თუმცა, რამდენიმე ახალი კომპანიის დამსახურებით, უახლოეს მომავალში მრავალფეროვანი საკვები პროდუქტების წარმოება მასშტაბურად იქნება შესაძლებელი. მაგალითად: შეიქმნას ბუნებრივი თაფლის იდენტური თაფლი, ფუტკრების მონაწილეობის გარეშე.
”როდესაც თაფლის შექმნის პროცესს დააკვირდებით, ყველაფერი იწყება იმით, რომ ფუტკრები ყვავილებიდან ყვავილის მტვერს და ნექტარს აგროვებენ და შემდეგ თაფლის სამშენებლო ბლოკებად აქცევენ, ესენია ფრუქტოზა და გლუკოზა. ჩვენ ლაბორატორიაში ამის სიმულაციას ვაკეთებთ მიკროორგანიზმების გამოყენებით, რომლებიც ქმნიან თაფლს“, – აცხადებს კომპანია MeliBio-ს წარმომადგენელი.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხორცისა და რძის პროდუქტების მცენარეულ ალტერნატივებზე პოპულარობა გაიზარდა. მაგრამ ახლა რიგი დამწყები კომპანიები, როგორიცაა MeliBio, ცდილობენ გამოიყენონ ფერმენტაცია ვეგანური საკვების წარმოებისთვის, რომლებიც ბიოლოგიურად იდენტურია ნამდვილი საკვებისგან - წერს „ბი-ბი-სი“.
ფერმენტაციის დროს მიკროორგანიზმები საჭმლის მონელებას ახდენენ და გამოაქვთ სასარგებლო პროდუქტი - მაგალითად, საფუარი იკვებება შაქრით და ა.შ. მიკროორგანიზმების ერთმანეთთან ადაპტაციისა და საკვების სწორი არჩევანის შემთხვევაში, განსხვავებული საბოლოო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი - თაფლიდან დაწყებული, კვერცხის ცილით და რძით დამთავრებული.
ამ მიდგომას იზიარებს ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი Better Dairy, რომელიც აწარმოებს რძესა და ყველს საფუარის ფერმენტაციის გამოყენებით.
“ეს დაახლოებით ასე მუშაობს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საფუარი ისე, როგორც ლუდის დამზადების დროს იყენებენ, მაგრამ ლუდის ნაცვლად ვაწარმოოთ ის, რაც გვსურს. ტექნოლოგია იყენებს საფუარს, როგორც პლატფორმას, რომ ჩვენს შემთხვევაში შემომავალი შაქარი გარდაქმნას რძის პროდუქტებად”, - აცხადებს Better Dairy-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯევან ნაგარაჯა.
მსგავს მეთოდებს კვერცხის ცილის დასამზადებლად იყენებს სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია Clara Foods. იგი 2028 წლისთვის მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს და სავარაუდოდ, მსოფლიოში კვერცხის ცილის უდიდესი მწარმოებელი გახდება.
”ჩვენი დაპატენტებული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ტექსტურა, არომატი და კულინარია”, - ამბობს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი არტურო ელიზონდი.
სავარაუდოდ, პირველ ბიოიდენტურ რძის პროდუქტებს, რომლებიც სხვა პროდუქციის შემადგენლობაში შევა, ძალიან მალე ვიხილავთ.
”ბაზარზე გაყიდული თაფლის დაახლოებით ორი მესამედი რეალიზდება როგორც ინგრედიენტი სხვა პროდუქტებში. როგორიცაა სასმელები, კოსმეტიკა და ფარმაცევტული პროდუქტები. ამიტომ, როგორც კომპანია, პირველ რიგში ვიწყებთ ბიზნეს მოდელით. აშშ-ში უკვე გვაქვს 15 კომპანია, რომლებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის სურვილს“ - ამბობს MeliBio-ს წარმომადგენელი მანდიჩი.