დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში მიწის ჩამოშლის საკითხს ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს, 21:00 საათიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწის მასის გატანის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს.
„კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა როგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა. თქვენ იცით, რომ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონები, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო უსაფრთხოების კედლები. შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხრას“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ცნობისთვის, უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება მერიამ გუშინ შეზღუდა.