რატომ უფასურდება ლარი - „უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკის დაცემის ტემპი გრძელდება“

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:20 საათისთვის ერთი დოლარი 3,3725 ლარად ივაჭრება.

ეს დღეს მოქმედ ოფიციალურ კურსთან შედარებით თითქმის 3 პუნქტით მეტია.

ეროვნული ვალუტის კურსის ასეთ რყევას ეკონომისტი აკაკი ცომაია ერთი მხრივ, ეკონომიკის დაცემას, მეორე მხრივ კი თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირებს.

,,ძალიან რთულია განისაზღვროს კონკრეტული ფაქტორი, რაც ახლა ლარს აუფასურებს. ეს არის კომპლექსურად ფაქტორთა ერთობლიობა. როგორც წესი, მიმდინარე მომენტში, არ ვფლობთ მონაცემებს. ამას მივიღებთ ბევრად უფრო გვიან, როცა რთულია ფაქტორების ურთიერთკორელაციის დადგენა და დიაგნოზის დადგენა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკის დაცემის ტემპი გრძელდება და ეს არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი.

ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის ფაქტორი. როცა ჩვენს მეზობელ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში უფასურდება ლირა, ცხადია ეს გავლენას ახდენს ავტომატურად ლარზეც. ამიტომ იმპორტიორები თურქეთიდან ყიდულობენ დოლარს, რათა თავი დაიზღვიონ. ამრიგად, ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც აუფასურებს ლარს.

ამ ყველაფრის ფონზე ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რამაც წესით პირიქით, ლარის გამყარება უნდა გამოიწვიოს მოხმარების შეკვეცით“- განაცხადა ცომაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ეკონომისტის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა რთულად გაუძლებს შეზღუდვების მოსალოდნელ კიდევ ერთ ტალღასაც.

,,უკვე, რიტორიკულიც კია იმაზე საუბარი, თუ მესამე ტალღის გამო კიდევ ერთი შეზღუდვების ტალღა გვექნება რამდენად გაუძლებს ამას ეკონომიკა. რიცხვებში ამის დათვლა ახლა შეუძლებელია, მაგრამ ბიზნესის, სამუშაო ადგილების და ეკონომიკის დიდი შემცირება რომ გველოდება ამ სცენარის პირობებში, ფაქტია. ისევე როგორც ვალუტის გაუფასურებაც იქნება გარდაუვალი“- ამბობს აკაკი ცომაია.

ცნობისთვის, ლარი ბოლო დღეებში მუდმივად უფასურდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი კურსი დოლართან მიმართებით 3.3473-ს შეადგენს.

თამარ მუკბანიანი