„მესამე ლოქდაუნი პრობლემა იქნება არა მარტო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის... ხვალ და ზეგ კომპანიებმა შესაძლოა, დაიწყონ დეფოლტი“

„მესამე ლოქდაუნი პრობლემა იქნება არა მარტო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რაც ხდება, ყველას ერთნაირად არტყამს,“ - განაცხადა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

მისივე თქმით, ბიზნესისთვის აუცილებელია გარკვეული გზამკვლევი, ხელშესახები ინდიკატორები, რაოდენობრივი მახასიათებლები, რომ უფრო მეტი სიცხადე იყოს.

„ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და მარტივად შეგვიძლია იმის ანალიზი, რაც გამოვიარეთ. ჩვენ ის კი არ გვინდა - მოულოდნელად, უცებ გავიგოთ, რომ ვიხურებით, ან შეგვპირდნენ გახსნას და შემდეგ გაურკვეველი ვადებით ხდებოდეს ამ პირობის გადაწევა. გვინდა უფრო ხელშესახები ინდიკატორები. მაგალითად, თუ კი გვექნება გზამკვლევი, გვეცოდინება ინფიცირების გამოვლენის პროცენტი, გვეცოდინება რომ პირობითად - თუ 2-3 დღე ზედიზედ, 20 ათასი ტესტიდან 1 000 გამოვლინდა, ნიშნავს რომ გაჩერდება კონკრეტული სექტორი ან ბიზნესი და ა.შ. თუ ასეთი გზამკვლევი იარსებებს, უფრო მეტი სიცხადე იქნება კომპანიებისთვის. ასეთი ინდიკატორები, რაოდენობრივი მახასიათებლები უკვე გამორიცხავს სუბიექტივიზმს თუ უსამართლობის განცდას სხვადასხვა შეზღუდვების მიმართ.

მესამე ლოქდაუნი პრობლემა იქნება არა მარტო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რაც ხდება ყველას ერთნაირად არტყამს. იმ ფინანსური ვალდებულებებით, რომლებიც ყველა დონის კომპანიას აქვს, რომელიც უკვე ზღვარზე არის მისული იმ შესაძლებლობებთან, რაც მათ აქვთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ კომპანიებმა შესაძლოა, დაიწყონ დეფოლტი მიუხედავად ზომისა. დეფოლტის გამოცხადება საფინანსო ინსტიტუტებთან კი ნიშნავს იმას, რომ ამ კრიზისმა შესაძლოა, საფინანსო სექტორი ჩაითრიოს. ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა,“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

თაია არდოტელი