,,ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა... არაეფექტიანად ვიყენებთ ჩვენს დროს და რესურსებს“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,პანდემიის გარეშეც ჩვენ ძალიან დაბალი ტემპი გვქონდა ეკონომიკური განვითარების“ - ამის შესახებ ,,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშილმა რადიო ,,პალიტრასა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ მშპ-ს მასშტაბური შემცირების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო პანდემიას განსაკუთრებულად სუსტი პოზიციებით შეხვდა.

..თავისთავად, მთლიანი შიდა პროდუქტი სტატისტიკური მაჩვენებელია, რომელიც შეიძლება ბევრ რამეს ვერ ასახავდეს, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ ის ასე თუ ისე, კარგად ასახავს როგორ ვმუშაობთ სხვებთან შედარებით. გამოდის, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. არაეფექტიანად ვიყენებთ ჩვენს დროს და რესურსებს. დინამიკასაც რომ გადავხედოთ, სხვები წინ მიდიან და ჩვენ ადგილზე ვდგავართ.

რაც შეეხება მშპ-ს ბოლო მასშტაბურ შემცირებას, ცხადია ეს პანდემიის და მასთან ბრძოლის ღონისძიებების ასახვაა, რის გამოც 2021 წლის მაჩვენებელი ჩამოვარდება 2012 წლის მაჩვენებელს. თუმცა უნდა აღნიშნოს ისიც, რომ პანდემიის გარეშეც ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან დაბალი ტემპი გვქონდა.

პანდემიას ჩვენ განსაკუთრებით სუსტი პოზიციებით შევხვდით, რადგან მთავრობის და ეროვნული ბანკის ეკონომიკური პოლიტიკა საბოლოოდ ისეთია, რომ ჩვენს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს დანაზოგი გააკეთოს. პრობლემა იყო პანდემიასთან ბრძოლის მიდგომა, რომელიც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო. ერთადერთი რაც შეიძლება ჩვენს პოზიციაზე პოზიტიური ითქვას, არის ის, რომ შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთი გვაქვს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

,,გირჩის“ ლიდერმა, იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ექნებოდა.

,,გასული წლის გაზაფხულიდანვე ბევრი ადამიანი საუბრობდა, რა უნდა გაკეთებულიყო სხვანაირად. პირველი ეს იყო, რომ ისედაც პრივილეგირებული ჯგუფების დასახმარებლად ვალი კი არ უნდა გაგვეზარდა, ადამიანებისთვის საშუალება უნდა მიგვეცა, ვისაც მუშაობა შეეძლო ემუშავათ. მშპ-ს ჩაშლილი მონაცემები რომ ვნახოთ, იქ ჩანს რომ სექტორების ნაწილში 40-50%-იანი ვარდნაა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ლოიალურ ჯგუფებს დახმარებოდა საარჩევნოდ და მივიღეთ შედეგი, რომელიც გვაქვს. მე, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთავრობა ნორმალურად მოიქცა, წლის ბოლოს შეიძლება ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი გვქონდეს, მაგრამ ახლა ამის არავითარი სიმპტომი არ არის. ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვასაც გაუძლებს, ჩვენ როგორი ცხოვრება გველის ეს არის საკითხავი“- განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში“.

ცნობისათვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცმეებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ უპრეცედენტო - 6.2%-იანი ვარდნა განიცადა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ასეთი ვარდნა ქვეყანაში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა.

თამარ მუკბანიანი