საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი უკვე მეორე წელიწადია მნიშვნელოვნად იზრდება. 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 31% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2,546 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი გავიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 3,229 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს, აქ ზრდა 24,2%-ს შეადგენდა. კორონაპანდემიის პირველ წელს საქართველოდან 27,8 მლნ დოლარის ღირებულების 12 104 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს კი 22, 378 მლნ დოლარის - 11 821 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი ძირითადად 2 ქვეყანაში - აზერბაიჯანსა და ერაყში გადის. 2021 წლის 2 თვეში კი ერაყში ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად: 2020 წლის იანვარ-თებერვალში ერაყში 1,148 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს კი 1,916 მლნ დოლარის, ზრდა 66,8%-ია. აზერბაიჯანში კი შარშან იანვარ-თებერვალში 1,308 მლნ დოლარის მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი 1,312 მლნ დოლარის, აქ ზრდა 0,3%-ია.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა ჯერ 140 კგ-მდე, შემდეგ კი 200 კგ-მდე გაიზარდა. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.