„პანდემიის პერიოდში მინიმუმ, 300 ათასი ლარით მინუსში გავედით“ – „უმალი“ კორონავირუსის შედეგებზე

„პანდემიის პერიოდში მინიმუმ, 300 ათასი ლარით მინუსში გავედით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ახალი თევზის“ გენერალურმა დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა ხელისუფლების თხოვნა, რომელიც პროდუქციის არსებული ფასების შენარჩუნებას ეხებოდა, შედეგად კი, ზარალი დიდი იყო. თუმცა როგორც გენო ნასყიდაშვილი ამბობს, „უმალზე“ მოთხოვნა მუდმივად მზარდია, შესაბამისად, საწარმო თანამშრომელთა სრული შემადგენლობითა და დატვირთვით მუშაობდა.

ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის სხვადასხვა დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებს, ჯამში კი - 60-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს. განსაკუთრებით ნოვატორული იყო კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი, რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით იყიდება.

ამ დროისთვის საწარმოში 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„მოგება შემცირდა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან სულ იყო მოწოდებები და თხოვნა, არ გაგვეძვირებინა პროდუქცია. ჩვენ ვეცადეთ ფასები არ მოგვემატებინა, რამაც დიდი წაგება მოგვიტანა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, პანდემიის პერიოდში მინიმუმ, 300 ათასი ლარით მინუსში გავედით. მოგებაზე არც არის საუბარი.

ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლები ნამდვილად არ შეგვიმცირებია, მაქსიმალურად შევეცადეთ სტატუს ქვო შეგვენარჩუნებინა. იმედია, წელს უკვე მოგებაზე გავალთ. მითუმეტეს, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია, წინა წლებთან შედარებით“,- განაცხადა გენო ნასყიდაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. ამჯერად „უმალმა“ ცხელი შებოლილი პროდუქტები დაამატა, რაც საქართველოში ნაკლებად ცნობილია.

„ჩვენთან სახეობების განახლება მუდმივად მიმდინარეობს. ცხელი შებოლილების სერია დავამატეთ და გავზარდეთ, რომელიც საქართველოში ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ცივი შებოლვა.

რაც შეეხება სხვა ახალი სახეობების დამატებას, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან სანამ საბოლოო შედეგს არ მივიღებთ, რომ იყოს ხარისხიანი და გემრიელი, მანამდე არ ვაჟღერებთ. ისე, რამდენიმე პროდუქტზე ვმუშაობთ. განახლების გარეშე არც შეიძლება, მუდმივად უნდა შესთავაზო მომხმარებლს ახალი პროდუქტები“,- ამბობს გენო ნასყიდაშილი.

კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, გეგმაშია „უმალის“ პროდუქტების ექსპორტზე გატანაც, თუმცა ამისთვის ჯერ საკმარისი რესურსების მოძიება მიმდინარეობს.

“უახლოეს პერიოდში ვერ შევძლებთ პროდუქციის გატანას, მაგრამ ბანკიდან დაფინანსებას ველოდებით და შემდეგ შეძლება ექსპორტზე გავიდეთ.

ზოგადად, თევზის დიდი მოხმარებით პოსტ საბჭოთა სივრცე გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ ქვეყნებში ვაპირებთ გატანას. გვაქვს ისეთი პროდუქტები, რომელსაც შენახვის ვადა შედარებით დიდი აქვს და შესაძლებელია მისი ექსპორტი. თუმცა, მანამდე, რესურსის მობილიზება უნდა მოვახდინოთ. იმ ფინანსებით, რაც გვაქვს, საქართველოს სრულად მომარაგებას ვერ ავუდივართ“,- აცხადებს გენო ნასყიდაშვილი.

ნინი ქეთელაური