,,თუ ისევ არ ჩაგვკეტეს, ბაზარზე განვითარების დიდ პერსპექტივას ვხედავ“ - ანგუსის სტეიკების მწარმოებელი

110-ზე მეტი ანგუსი და სტეიკის 6 სახეობა - ასეთია საქართველოში პირველი ანგუსის ფერმის 2-წლიანი ისტორია.„ანგუსი ჯგუფში“ ამბობენ, რომ თუ კორონაპანდემიიის მესამე ტალღა არ დაიწყო, ამ ბიზნესს ბაზარზე განვითარების დიდი პერსპეტივა აქვს.

ადგილობრივ ბაზარზე, ანგუსის სასტეიკე ხორცის პირველი ქართველი მიმწოდებელი კომპანია 2 წელია რაც არსებობს. კომპანია ,,ანგუსი ჯგუფის“ დამფუძნებელი ოთარ კობახიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ანგუსის ხორცის წარმოება ქართულ ბაზარზე თავისუფალი ნიშის გამო გადაწყვიტა.

,,გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში არ ვცხოვრობდი. რომ ჩამოვედი, გადავწყვიტე, მესაქონლეობის დარგში დავსაქმებულიყავი და ქართული ბაზრისთვის ყველაზე უცხო, ანგუსის ჯიშის სახორცე საქონელი ჩამომეყვანა. ამისკენ იმანაც მიბიძგა, რომ საქართველოს ბაზარზე ანგუსის სასტეიკე ნაჭრების სარეალიზაციო ნიშა თავისუფალი იყო, ამიტომაც გადაწყვიტეთ, მესაქონლეობის დარგში სწორედ ამ ჯიშის საქონელი მოგვეშენებინა და ბაზრისთვის ქართული სტეიკი მიგვეწოდებინა. ასე გავხდი საქართველოს ბაზრისთვის ანგუსის სასტეიკე ხორცის პირველი ქართველი მიმწოდებელი. თავდაპირველად, 2019 წელს, ფერმაში მხოლოდ 40 ანგუსი გვყავდა. მათი რიცხვი მუდმივად მერყეობს. ამ ეტაპისტის კი 110-ს შეადგენს“, - აცხადებს ოთარ კობახიძე.

,,ანგუსი ჯგუფის“ დამფუძნებელი მოთხოვნაზე, ფასებსა და პანდემიის დროს ფერმის სირთულეებზეც საუბრობს.

,,ანგუსის ფერმა ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. ცხადია, პანდემიამ რეალიზაცია შეამცირა, რადგან სარესტრორნო ბიზნესი გაჩერებული იყო. ახლა ნელნელა იხსნება ყველაფერი და შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება. ლოქდაუნების დროს, მაქსიმლურად ვცდილობდით, ჩვენი პროდუქციის ონლაინ რეალიზაცია მოგვეხდინა სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ასევე, ვმუშაობდით გატანის სერვისზე მომუშავე რესტორნებზეც.

თავად ანგუსის უპირატესობა ისაა, რომ ბევრად უფრო გამძლეა ყველანაირ ამინდთან მიმართებით და იზრდებიან ბევრად უფრო მალე ჩვეულებრივ საქონელთან შედარებით. თავდაპირველად, როცა ამ მიმართულებით ფერმა გავაკეთე და მუშაობა დავიწყე 16 დასახელების სტეიკი მქონდა, თუმცა დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართულ ბაზარზე ყველა სტეიკი მოთხოვნადი არ არის, ამიტომ შევამცირეთ ექვსამდე.

ფასები 59 ლარიდან 63 ლარამდე მერყეობს. უახლოეს მომავალში მინდა კიდევ ჩამოვიყვანო ანგუსები. თუმცა კომისიას, რომელიც სავალდებულოა უცხოეთიდან საქონლის შემოსაყვანად, ამ დრომდე ვერ გადიან, შეჩერებულია და ინფორმაციაც არ მაქვს, როდიდან დაიწყება პასუხს ველოდები.

მესამე ტალღა თუ არ დაიწყო და თუ ისევ არ ჩაგვკეტეს, ქართულ ბაზარზე განვითარების დიდ პერსპექტივას ვხედავ“ - განუცხადა ოთარ კობახიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, მარტყოფში ,,ანგუსი ჯგუფის“ ფერმა 2019 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველი ინვესტიცია კი 2 მლნ ლარს შეადგენდა. ამ ეტაპზე ფერმაში 4 ადამიანია დასაქმებული.

თამარ მუკბანიანი