"აირზენა" მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეწყვეტას არ გამორიცხავს

"აირზენა" მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეწყვეტას არ გამორიცხავს.

როგორც ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა, რუსულ გამოცემა "კომერსანტში" გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, თუ რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული რეისების საკითხი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ გადაწყდა, რაც თანხვედრაშია ეროვნული ავიაგადამზიდავის ინტერესებთან, აღნიშნული მიმართულებით ფრენას აზრი არ ექნება.

"კომერსანტის" ცნობით, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების ლიბერალიზაციის მცდელობა ჩავარდა, რისი მიზეზიც ეროვნული გადამზიდავის "საქართველოს ავიახაზების" ინტერესების დაცვა გახდა. კერძოდ, საქართველომ უარი თქვა "ტრანსაეროსთვის" რეგულარულ რეისებზე ნებართვის გაცემაზე და 14-დან 10 კვირამდე შეამცირა "აეროფლოტისა" და "სიბირის" რეისების სიხშირე. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ზომები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა "საქართველოს ავიახაზების" კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც კონკურენციამ პრობლემები შეუქმნა.

"საქართველოს და რუსეთს შორის უკვე არსებობს ხელშეკრულება "საჰაერო მიმოსვლის შესახებ", რომელიც ძალაში შესულია. ჩვენ მივესალმებით ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების აღდგენას, ოღონდ გვაქვს მოთხოვნა, რომ ეს ფრენები აღდგეს იმ პირობების გათვალისწინებით, რა პირობებიც მოქმედებდა ამ ფრენების შეწყვეტამდე, ანუ იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც არსებობს საქართველო-რუსეთს შორის. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს პარიტეტის პრინციპს, თანაბრობის პრინციპს ორივე მხრიდან, რაც გულისხმობს ფრენების სიხშირეს 10-10-ზე ორივე ქვეყნიდან. აქ კი იყო დაშვებული კომპრომისული ვარიანტი – 14 და ამის გარდა, საქართველოში ბაზარზე შემოსვლაზე განცხადება შემოტანილი აქვს, არც მეტი, არც ნაკლები, 13 მსხვილ ავიაკომპანიას რუსეთიდან. რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ ის, რომ თბილისიდან მოსკოვში ყოველდღიურად 12-13 რეისი განხორციელდეს, ეს ხომ არარსებულია? ამიტომ ჩვენი, როგორც ერთადერთი ქართული ავიაკომპანიის მოთხოვნა ნამდვილად გახლდათ, რომ აღგვედგინა რეგულარული ფრენები, ოღონდ იმ ხელშეკრულების ფარგლებში და პირობებში, რაც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, მეტი არაფერი", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "საქართველოს ავიახაზების" მოთხოვნა გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ "კომერსანტის" წყაროს ცნობით, თბილისში პრობლემის ეროვნული ავიაგადამყვანის სასარგებლოდ მოგვარებაში ჩართული იყო დეპუტატთა წრეები და საპატრიაქოც კი. ზაუტაშვილი საპატრიაქოს რაიმენაირად ჩართულობას კატეგორიულად უარყოფს, საკითხის პარლამენტში განხილვას კი არ გამორიცხავს.