ავსტრიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ამ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, 1-ელი აპრილიდან ბურგერლანდში, ქვემო ავსტრიაში და ვენაში სრული „ლოქდაუნი“ გამოცხადდება.
„ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხუთშაბათიდან, 1 აპრილიდან ბურგერლანდში, ქვემო ავსტრიაში და ვენაში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაშია 6 აპრილის ჩათვლით!
შესაბამისად, 1 აპრილიდან იხურება ყველა სავაჭრო და სხვა ობიექტი, გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა (საკვები პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ფოსტა, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები). იზღუდება გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში. სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში: ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა, სამსახურებრივი აუცილებლობა, სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ, სუფთა ჰაერზე გასვლა.
გარდა ამისა, მინიმუმამდე იზღუდება სოციალური კონტაქტები. რეკომენდირებულია, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაქსიმალურად სოციალური კონტაქტებისგან თავის არიდება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, FFP2 ნიღბის ტარება და სხვა ადამიანებთან შეხვედრისას თვით ტესტირება.
დღეს არსებული ინფორმაციის თანახმად, სააღდგომო არდადეგების შემდგომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის. 12 აპრილიდან კი, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უარყოფითი PCR-ტესტი უნდა წარადგინონ.
მკაცრდება სასაზღვრო კონტროლი, ხოლო ის პირები ვინც სამსახურეობრივი მიზნით, სისტემატიურად გადაადგილდებიან (ე.წ commuter/Pendler) მათთვის სავალდებულო ხდება, PCR-ტესტის კვირაში ორჯერ წარდგენა, რომელიც არ უნდა იყოს 72 საათზე გვიან გაცემული.
საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.
რეგულაციების შეცვლის შემთხვევაში, დამატებით მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 1450
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.