გერმანული უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Allianz-ის დათვლებით, მსოფლიო ვაჭრობა 6-დან 10 მილიარდ დოლარამდე იზარალებს ერთი კვირის განმავლობაში სუეცის არხის ბლოკირების გამო. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
Allianz-ის შფასებით, არხზე მოძრაობის გაჩერების ყოველი კვირა შეიძლება გახდეს მსოფლიო ეკონომიკის 0,2-0,4 პროცენტიანი კლების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ სუეცის არხში მეჩეჩზეა შემჯდარი კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც არის იაპონური კომპანია Shohei Kisen-ის კუთვნილება. ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია, როგორც იაპონური, ასევე თურქული და ამერიკული მხარეები.
ხომალდის არხში გაჭედვამ უკვე გამოიწვია ნავთობის 6%-ით გაძვირება მსოფლიო ბაზარზე. არხის მისადგომებთან დგას 15 მილიონი ბარელი ნავთობით დატვირთული 10 ტანკერი. ოპტიმისტური პროგნოზით, არხის გახსნა დღეს საღამოს იქნება შესაძლებელი, თუმცა, არ გამორიცხავენ ამას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.