აშშ-მ მსოფლიო ბანკის ვალის დასაფარად სუდანს 1,15 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო

აშშ-მა სუდანს 1,15 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო მსოფლიო ბანკის ვალის დასაფარად. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო წერს.

„იმ პროგრესის აღსანიშნად, რომელსაც მიაღწია სუდანმა, გუშინ ფინანსთა სამინისტრომ 1,15 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო ქვეყანას დახმარების სახით, რათა დაფაროს მსოფლიო ბანკის ვალი“, - ნათქვამია განცხადებაში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სუდანის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით, ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2020 წლის 14 დეკემბერს ძალაში შევიდა ბრძანება, რომლის თანახმად, აშშ-მა სუდანი ტერორისტული ორგანიზაციების დამფინანსებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. უკვე მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი თანახმა იყო ხარტუმისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოეყო მსოფლიო ბანკის ვალის დასაფარად. ამის შემდეგ სუდანს შეეძლება მიმართოს მსოფლიოს ბანკს ან მსოფლიო სავალუტო ფონდს დახმარებისთვის - გამოუყონ სუდანს წლიურად 1,5 მილიარდი ოდენობის კრედიტი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა სუდანის წინა ხელისუფლებას ბრალი დასდო ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან თანამშრომლობაში, ქვეყანას ბრალი დასდეს ცალკეული ტერორისტული აქტების მოწყობაში, რომლის შედეგად ჯამში, 200 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ამერიკელი. ხარტუმს დაბრალდა ასევე 2000 წელს ამერიკულ ხომალდზე თავდასხმაც, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხარტუმმა ტერორისტული თავდასხმებისთვის 335 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაიხადა.

2017 წლის ოქტომბერში კი შტატებმა სუდანზე დაწესებული 20 წლიანი სანქციები მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთამდე ეს ქვეყანა ირანთან და სირიასთან ერთად მიიჩნეოდა ტერორიზმის დამფინანსებლად. ტერორიზმის ბრალდების გამო ქვეყანა 1993 წელს გათიშეს საერთაშორისო საბანკო სისტემიდან, შედეგად კი ის უმძიმეს საბანკო კრიზისში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.

კოკა კვირკველია