The Ifo institute-ის კვლევის მიხედვით, გერმანული ბიზნესი ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
კვლევითმა ინსტიტუტმა გერმანული ბიზნესის განწყობა 3 შეფასებით გაზომა: ზოგადი ბიზნეს-კლიმატი, მოლოდინი და მიმდინარე მდგომარეობა. აქედან ბიზნესის მოლოდინმა, რომელიც მომდევნო 6-თვიან პერიოდს ეხება, 95,0-დან 100,4-იან ნიშნულს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია და შეფასების დანარჩენ ორ მაჩვენებელს - „ზოგადსა“ და „მიმდინარეს“, მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა Ifo-ს კვლევაში ეს ორი მაჩვენებელიც გაუმჯობესდა: „ზოგადი ბიზნეს-კლიმატი“ 90-დან 97-იან ნიშნულამდე ავიდა, „მიმდინარე მდგომარეობის“ შეფასების მაჩვენებელი კი 89-დან 93-იან ნიშნულამდე.
Ifo-ს პრეზიდენტი კლემენს ფუესტი აცხადებს, რომ ინფექციის ზრდის მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკა გაზაფხულს დამაჯერებლად ხვდება. ევროპის ეკონომიკა პირველ კვარტალში შემცირდა მაღაზიების, რესტორნებისა და ბიზნესის სხვა სექტორების არასრულყოფილი მუშაობის გამო. ინფექციის ახალი ტალღის შედეგად ევროპის ქვეყნებში ბიზნესს შეზღუდვები ისევ დაუწესდა, რასაც კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობა გერმანიაშიც მოითხოვს.
მიუხედავად ამისა, გერმანიაში წარმოება მარტში რეკორდული ტემპით იზრდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რამდენად კარგი მდგომარეობაა სექტორში წინა წლის პირველ ლოკდაუნთან შედარებით. მიმდინარე კვირას მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის დროს კომპანიებისთვის დამატებითი 60 მლრდ ევროს ($71 მლრდ) გამოყოფის შესახებ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ