სამშაბათს, 23 მარტს სუეცის არხში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. უზარმაზარი გემი- კონტეინერი, სახელწოდებით „Ever Given“, არხის სამხრეთ ნაწილში დაეშვა, რის შემდეგაც სწორი მიმართულების შენარჩუნება ვერ შეძლო, ჰორიზონტალურად დადგა და არხი გადაკეტა.
20000-ტონიანი ტანკერი, რომელსაც ტაივანის Evergreen Marine მართავს, ერთ-ერთი უდიდესი კონტეინერია მსოფლიოში. მისი სიგრძე ოთხ საფეხბურთო მოედანს უტოლდება. კონტეინერი ჩინეთიდან როტერდამისკენ მიემართებოდა. გემში მოთავსებულია დაახლოებით 9,6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი. ექსპერტების თქმით, გიგანტური გადამზიდი კონტეინერის გათავისუფლებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, Ever Given ორ კვირაში გასწორდეს.
არხის ბლოკირებამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ეგვიპტის სავაჭრო არხის მნიშვნელობა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის.
სუეცის არხის მშენებლობა 1859 წელს ფრანგმა ინვესტორებმა დაიწყეს და 10 წელი მოანდომეს. 1956 წელს სავაჭრო არხი ეგვიპტეს, საფრანგეთის გაერთიანებულ ძალებს, ბრიტანეთსა და ისრაელს შორის კონფლიქტის საგანი გახდა. დაპირისპირება ბრიტანული ძალების ქმედებამ გამოიწვია, მათ არხის გაკოტროლება დაიწყეს. “სუეცის კრიზისის“ სახელით ცნობილი მოვლენა მალე მოგვარდა, ეგვიპტემ არხზე კონტროლი დაიბრუნა.
სუეცის არხის შექმნის მთავარი მიზანი ეგვიპტის ეკონომიკის აღორძინება და ქვეყნის პოპულარიზაცია იყო. 2014 წელს მარშრუტის შესამცირებლად და არხის გასაუმჯობესებლად 1,2 მილიარდი დოლარი გამოიყო. ერთი წლის შემდეგ პროექტი დასრულდა და მას "მსოფლიოს საჩუქარი“ უწოდეს. არხის გაფართოების შედეგად გემებს გადაადგილების დრო შვიდი საათით შეუმცირდათ, შემოსავალი კი წინა წელთან შედარებით 35% -ით გაიზარდა და 2017/18 წლებში რეკორდულ მოგებას მიაღწია - 6.1 მილიარდი დოლარი.
მას შემდეგ არხი გამართულად ფუნქციონირებდა და პრობლემები არავის შექმნია.
თუ არხის დაბლოკვა კიდევ რამდენიმე კვირით გაგრძელდება, ეს ტვირთის ღირებულების ზრდას გამოიწვევს. The Wall Street Journal- ის მონაცემებით, 2020 წლის გაზაფხულთან შედარებით, კონტეინერების ტრანსპორტირების საფასური ისედაც 6.5-ჯერ გაიზარდა.
ტვირთის გამგზავნი კომპანიები ალტერნატიულ მიმართულებას ეძებენ და გემების გაგზავნას სამხრეთ აფრიკის ე.წ. კეთილი იმედის კონცხის შემოვლით ფიქრობენ. თუმცა ეს მარშრუტი 9,6 ათას კილომეტრით მეტი გამოდის და მხოლოდ საწვავზე ხარჯი 300 ათასი დოლარით გაიზრდება იმ სუპერტანკერებისთვის, რომლებსაც ტვირთი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ გადააქვთ.