თურქეთი შავ და მარმარილოს ზღვებს შორის ახალ არხს ააშენებს

თურქეთი გემებისთვის შავ და მარმარილოს ზღვებს შორის ახალ არხს ააშენებს. როგორც თურქეთის გარემოს დაცვისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა მურატ კურუმმა განაცხადა, ხელისუფლებამ არხ „სტამბოლის“ მშენებლობაზე ნებართვა უკვე მიიღო. მისი თქმით, ეს არხი გემებისთვის ახალი არტერია იქნება.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ არხ „სტამბულის“ მშენებლობას, მას შემდეგ რაც შევისწავლეთ ყველა საკითხი. ჩვენ მალე გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ არხმა ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას“ - დაწერა მინისტრმა "ტვიტერზე".

როგორც ცნობილია, თურქეთი ამ 51 კმ-იანი არხის მშენებლობის დაწყებას ჯერ კიდევ 2018 წელს აპირებდა და მის დასრულებას 2023 წლისთვის, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთვის გეგმავდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანსაც აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ გამოცხადდებოდა ტენდერი ახალი არხის ასაშენებლად, რომელიც გაივლიდა ბოსფორის სრუტეს პარალელურად. პროექტის წინააღმდეგ კი გამოდიან სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ და თურქეთის ოპოზიცია, ისინი საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ის სტამბულის დასავლეთით 100 კმ-ში უნდა აშენდეს, წინასწარი ვარაუდით, არხს დღეში 160 ხომალდის გატარება შეეძლება, მათ შორის 300 ათას ტონიანი ტანკერების. დღეისათვის ბოსფორის სრუტეს წლიურად 53 ათასი ხომალდი გადის.

კოკა კვირკველია