სუეცის არხის გახსნის ზუსტი დრო ისევ უცნობია

სუეცის არხის სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი უსამა რაბეი არხის გახსნის ზუსტ დროს ვერ ასახელებს. თითქმის ერთი კვირაა, ეგვიპტის სუეცის არხის შელფზე გიგანტური კონტეინერმზიდი Ever Given-ია შემჯდარი, რის გამოც მოძრაობა გადაკეტილია და არხის შესასვლელთან 10-მილიარდიანი დოლარის ტვირთის მქონე კონტეინერმზიდებია დაგროვილი. შელფისგან კონტეინერმზიდის გათავისუფლების სამუშაოების პარალელურად, ხელისუფლება მომხდარი ამბის მიზეზებსაც არკვევს. ერთ-ერთი ვერსიით, გემის გაჭედვის მიზეზი ძლიერი ქარი იყო, თუმცა, როგორც უსამა რაბეიმ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარეობს გამოძიება და როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური შეცდომის გამოვლენა გამორიცხული არ არის.

გემის გათავისუფლების სამუშაობს ჰოლანდიური სამაშველეო კომპანია Boskalis ახორციელებს. სამაშველო სამუშაოები მოიცავს გემის ძირში შელფიდან შესაბამისი ტექნიკით ქვიშის გატანასა და ბუქსირებით ადგილიდან კონტეინერმზიდის როგორმე დაძვრას.

უსამა რაბეიმ იმედი გამოთქვა, რომ ფსკერის ჩაღრმავების სამუშაოები გემს ისე გაათავისუფლებს, რომ კონტეინერების გადმოტვირთვა საჭირო არ გახდება.

„ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ეს მეტად არასახარბიელო ინციდენტი“, - აცხადებს რაბეი.

ხომალდის მფლობელი კომპანია Shoei Kisen-ში აცხადებენ, რომ თუკი გათავისუფლების სამუშაოები შედეგს ვერ გამოიღებს, ისინი გემს კონტენეირებისგან დაცლიან.

სამაშველო კომპანია Boskalis-ის გენერალური დირექტორი პიტერ ბერდოვსკი იმედოვნებს, რომ კონტეინერმზიდს შელფისგან რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. პარასკევს ჰოლანდიურ ტელეარხ Nieuwsuur-ს ბერდოვსკიმ განუცხადა, რომ თუკი გემის წინა მხარე ქვიშიან თიხშია ჩარჩენილი, მისი უკანა მხარე თიხში მთლიანად ჩაფლული არ არის, რაც დადებითი მხარეა და გემის გამოთრევა სწორედ უკანა მხრიდან მოხდება. მან ასევე, განაცხადა, რომ არხისკენ 2 დიდი საბუქსირე გემი მიემართება და ისინი ადგილზე 28 მარტს იქნებიან.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური კონტეინერმზიდი, რომელსაც ტვირთი აზიასა და ევროპას შორის გადააქვს, სუეცის არხის სამხრეთ შესავლელიდან ჩრდილოეთისკენ, დაახლოებით, 6 კილომეტრზე გაიჭედა. საზღვაო საცობის შედეგად არხის შესასვლელ-გამოსასვლელთან და მათ შორის მდებარე ე.წ. დიდი მთის ტბაში 320-ზე მეტი ტვირთმზიდია დაგროვილი.

კომპანია Lloyd’s List-მა დაიანგარიშა, რომ სუეცის არხის ბლოკირების შედეგად მსოფლიო ეკონომიკა საათში 400 მლნ დოლარს ზარალობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ