ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა თითქმის 4 პუნქტით გაუფასურდა.
ამ პერიოდის განმავლობაში დოლართა მიმართებით პოზიციები დათმო თურქულმა ლირამაც, მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი და რუსული რუბლი. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, ის კვლავ მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3,3650-3,3737-ის ფარგლებში ივაჭრება. 26 მარტს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარი 3,3718 ლარი ღირს. ზუსტად ერთი კვირის წინ კი, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3,3326 ლარი იყო.
ლარის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქული ლირის კურსი დაეცა. ადგილობრივი მედია ლირის გაუფასურებას რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მიერ 20 მარტს ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირებს. ნაჯი აგბალას მოხსნის განკარგულებას ერდოღანმა შაბათს, მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც აგბალმა მიიღო საპროცენტო განაკვეთის 17%-დან 19%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება. ერდოღანი ამ საკვანძო მაჩვენებლის გაზრდის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს ავნებდა ეკონომიკას. აგბალის ადგილზე შაჰაპ კავჟიოღლუ დაინიშნა.
19 მარტს, ვიდრე ნაჯი აბგალას გაათავისუფლებდნენ, ერთი ამერიკული დოლარი 7,26 ლირა ღირდა, უკვე 26 მარტის ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარი 7,98 ლირაა.
რაც შეეხება საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნების ვალუტებს, დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა როგორც სომხური დრამი, ასევე რუსული რუბლი. 19-მარტიდან 26 მარტამდე დრამიც და რუბლიც დოლართან მიმართებით 1,6 პუნქტით დაეცა. უფრო კონკრეტულად, 19 მარტს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 74,14 რუბლი ღირდა, 26 მარტს კი 75,75 რუბლი. სომხური დრამი კი დოლართან მიმართებით 527,87 ნიშნულიდან 529,49 ნიშნულამდე დაეცა.
დღემდე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს აზერბაიჯანული ეროვნული ვალუტა და ერთი დოლარი ისევ 1,70 მანათი ღირს.