ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული სემინარი გახსნა

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD), გაეროს სპეციალური სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში" სემინარი გაიმართა, სადაც საქართველოში IFAD-ის საქმიანობის სტრატეგია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა, დინა სალეჰმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ IFAD-ის პარტნიორები, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები.

ღონისძიების ძირითად თემას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და საწარმოო პოტენციალის ზრდის მიზნით, სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ღონისძიებების შემუშავებაზე, რომლებიც სოფლის მეურნეობაში წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერებისთვის არის აუცილებელი.

"სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განახლებული ვერსია, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობას. მისასალმებელია, რომ განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დღეს, ამ სემინარზე წარმოდგენილი სამომავლო საქმიანობის გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან, რაც უდავოდ აისახება განსახორციელებელი პროექტებით მიღებულ შედეგზე ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სემინარზე IFAD-ის მიერ დაფინანსებული "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი" განიხილეს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლად წარმოებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც "ფერმიდან სუფრაზე" მოდელის გამოყენებით კლიმატზე ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება-რეალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზეც, რაც გააუმჯობესებს კავშირებს კერძო სექტორსა და მცირემიწიან სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს შორის. მონაწილეებმა ფერმერული საქმიანობის მომგებიან ბიზნესად გარდაქმნის სავაჭრო და სხვა ტიპის დამაბრკოლებელი ფაქტორებიც განსაზღვრეს.

სოფლად საინვესტიციო პროექტების განხორციელებით მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა და IFAD-ი ბოლო ათწლეულების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ. საქართველოსთან IFAD-ის პარტნიორული ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, IFAD-ის მიერ დაფინანსებული ხუთი პროექტიდან და პროგრამიდან, რომელთა ჯამური ღირებულება 124 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (აქედან IFAD-ის 52 მილიონიანმა დაფინანსებამ გამოიწვია დამატებითი 72 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა) სარგებელი მიიღო 92 850 ოჯახმა.