ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ღია სივრცეში ორი სხვადასხვა ოჯახის წევრების ან 6-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები ხდება.
ასევე იხსნება ღია ცის ქვეშ განთავსებული სპორტული ობიექტები, მათ შორის ჩოგბურთის კორტები და გოლფის მოედნები.
დასაშვები ხდება საქორწინო ცერემონიები, რომლებსაც ექვსამდე ადამიანი ესწრება.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროპაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ახალი ვარიანტები ვაქცინაციის პროცესს საფრთხეს უქმნის.
„შემსუბუქების მიუხედავად ყველამ უნდა გააგრძელოს წესების დაცვა, გახსოვდეთ : ხელები, სახე, სივრცე და ვაქცინაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 30 151 287 ადამიანს აქვს გაკეთებული, ორივე დოზა კი - 3 527 481-ს.