ქართულ ბაზარზე საქონლის ხორცი ძვირდება. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,აგროქიზიყის“ დამფუძნებელი, ბექა გონაშვილი აცხადებს, ამის მიზეზი ცოცხალი საქონლის გაზრდილი ექსპორტია. მისივე თქმით, საქონლის ცოცხალი წონა 9,5 ლარამდე გაძვირდა.
,,სხვადასხვა მიზეზების გამო, ქართულ ბაზარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ფასი გაიზარდა. 7.50 ლარიდან 8 ლარამდე თუ ღირდა ერთი კილოგრამი ცოცხალი წონა, ახლა 9.50 ლარი ღირს. ცოცხალი წინის ფასი საკმაოდ გაიზარდა. აქამდე, თუ მხოლოდ ერაყში გადიოდა საქონელი, ბოლო დროს აქტიურად მიჰყავს აზერბაიჯანსაც და ამის გამო ბაზარზე დეფიციტი იქმნება, იმატებს ფასები.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მოხმარება შეამცირა. წესით, ეს უნდა შეცვლილიყო მას შემდეგ, რაც კვების ობიექტების მასობრივი ამუშავება მოხდა, მაგრამ რადგან მარხვა დაემთხვა, მნიშვნელოვანი და შესამჩნევი ზრდა მაინც არ გვაქვს მოთხოვნაში. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მარხვის დასრულების შემდეგ შეიცვლება“, - განაცხადა გონაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი უკვე მეორე წელიწადია მნიშვნელოვნად იზრდება. 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 31% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2,546 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი გავიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 3,229 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს, აქ ზრდა 24,2%-ს შეადგენდა. კორონაპანდემიის პირველ წელს საქართველოდან 27,8 მლნ დოლარის ღირებულების 12 104 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს კი 22, 378 მლნ დოლარის - 11 821 ტონა.