პოლონეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე გემებს რეგისტრაცია გაუუქმა

პოლონეთის ხელისუფლებამ რუსული გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ორ გემს თავისი დროშის ქვეშ ცურვა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

გემები Krebs Geo და Krebs Jet გერმანულ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა გდანსკის საზღვაო პალატაში იყვნენ დარეგისტრირებული და პოლონეთის დროშის ქვეშ დაცურავდნენ. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც გემებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტისთვის დაწესებული სანქციები დაარღვიეს.

„ამ გერმანულ გემებს გდანსკის საზღვაო პალატამ რეგისტრაცია გაუუქმა. ჩვენ მანამ არ გვაინტერესებდა, თუ რა ტვირთებს ატარებდნენ ან რა სამუშაოებს ეწეოდნენ ისინი, ვიდრე მათი საქმიანობა პოლონეთის ეკონომიკურ ინტერესებს არ დაემუქრა. ჩვენ მათგან გამოვითხოვეთ გადაზიდვების უსაფრთხოების დოკუმენტაცია და გემებს პორტის დატოვების უფლება აღარ აქვთ“, - აცხადებს პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გჟეგოჟ ვიტკოვსკი.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, სანქციები დაუწესოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის დამზღვევ და სხვა ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ გაზსადენზე მომუშავე ხომალდებთან თანამშრომლობენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რამდენჯერმე მოუწოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს, შეწყვიტონ სამუშაოები.

„ნებისმიერი კომპანია, რომელიც ჩართული იქნება ამ პროექტში, ამერიკული სანქციების რისკის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ბლინკენმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ