სახელმწიფო 7,580 მლნ ლარის სამედიცინო ხელთათმანებს ყიდულობს

სახელნწიფო 7 580 078 ლარის სამედიცინო ხელთათმანებს ყიდულობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხელთათმანების შესყიდვაზე სამი კონსოლიდირებული ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 4 აპრილს იწყება და 5 აპრილს სრულდება.

დოკუმენტაციების მიხედვით, ვინილის სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 314 215 ლარს შეადგენს; ლატექსის სტერილური ხელთათმანების - 980 584 ლარს; ლატექსის არასტერილური ხელთათმანების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 285 279 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტებზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამედიცინო ხელთათმანების შეუფერხებელი მიწოდება. ასევე, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით. ასევე, დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.