ეგვიპტის ტურიზმისთვის 2020 წელი კრიტიკული იყო

გასულ წელს ეგვიპტეს მხოლოდ 3,6 მილიონი ტურისტი ესტუმრა. ამის შესახებ ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა ჰალელ ალ-ანანიმ ხურგადაში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმროს Rixos Magawish-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2020 წელი პანდემიის გამო ტურ-ინდუსტრიისთვის უმძიმესი იყო. ტურისტების მინიმალური რაოდენობის გამო დარგმა კოლოსალური ზარალი მიიღო, რაც მძიმე რევოლუციურ წლებშიც კი არ მომხდარა. გასული წლის მარტში ავიამიმოსვლის სრულად დახურვამდე ქვეყანაში 2,3 მილიონმა ტურისტმა მოასწრო დასვენება, ხოლო ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ეგვიპტეს 1,3 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

„იმედი გვაქვს, რომ ტურიზმი სრული მოცულობით უმოკლეს ვადაში განახლდება. ჩვენ ამისთვის სრულად ვართ მზად. ყოველთვიურად დამსვენებელთა რაოდენობა 10%-ით იზრდება, ანუ დღეში 10 ათასით მეტი ტურისტი გვემატება,“ - განაცხადა ჰალელ ალ-ანანიმ.

მისი თქმით, თებერვალში ქვეყანას 300 ათასი ტურისტი ეწვია, მარტში კი ეს მაჩვენებელი 400 ათასს მიაღწევს.

„ეს ერთმნიშვნელოვანდ მეტყველებს იმაზე, რომ დამსვენებლები ქვეყანაში გატარებულ სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ენდობიან,“ - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლოკდაუნის გამო, ტურისტული ნაკადი უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეინიშნება. ესენია: უკრაინა, ბელარუსი, სერბეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ასევე, ყაზახეთი.

„ბევრი ტურისტი აშშ-დან და შვეიცარიიდანაც ჩამოდის. დამსვენებელთა 70% კვლავ შარმ ელ შეიხს, ჰურგადას და მარსა-ალიამის ირჩევს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მოთხოვნა მხოლოდ ზღვის კურორტებზეა“, - აცხადებს ეგვიპტის ტურიზმის მინისტრი.

2019 წელს ეგვიპტემ ტურიზმიდან 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რითიც 2010 წლის 12-მილიარდიანი დოლარის რეკორდი მოხსნა. 2019 წელს ამ არაბულ ქვეყანას 13,1 მლნ ტურისტი ეწვია, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2010 წელს ეგვიპტეში 14,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. 2011-2013 ე.წ. რევოლუციურ წლებში ქვეყანაში 9 მილიონამდე ტურისტი იმყოფებოდა. 2020 წლამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებლი 2016 წელს დაფიქსირდა, როცა სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ეგვიპტეში მხოლოდ 4,5 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა.

ექსპერტების შეფასებით, პანდემიის გამო გასულ წელს ეგვიპტის ბიუჯეტს ტურიზმიდან ყოველთვიურად მილიარდი დოლარის შემოსავალი აკლდებოდა. ქვეყნის ბიუჯეტში ტურისტულ ინდუსტრიაზე 15% მოდის.

კოკა კვირკველია