„მე სამ ფაქტორს გამოვყოფდი“- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის ფუნდამენტური საკითხები, თურქული ლირის გაუფასურება და პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინები.
ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით, 4 თეთრით გაუფასურდა. დღეისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარია.
“ლარის კურსი - ეს არის კომპლექსური საკითხი. მოგეხსენებათ, ერონული ვალუტა არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელზედაც აისახება ყველა ის გარე თუ შიდა ფაქტორები, ეგზოგენური თუ ენდოგენური ფაქტორები, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არის. ის რეალობები, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, რაც საქართველოს ცხოვრებაში არის. ასეთ შემთხვევაში ეს ფაქტორები მუშაობს და გავლენას ახდენს ლარის კურსის გაუფასურებაზე, ბოლო პერიოდში.
მე სამ ფაქტორს გამოვყოფდი. პირველი - ეს არის, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები. მაკროეკონომიკურ ფაქტორებს აღვნიშნავდი ამ შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რომ პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკის მკვეთრი შეკუმშვა ხდება ქვეყანაში. 2020 წლიდან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა შემცირდა 6,2%-ით. გარდა ამისა, იანვარშიც თითქმის, 11,5%-ანი შემცირება გვაქვს. თებერვალშიც შემცირებას ველოდებით (რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი). იმდენივეს არ ველოდებით, თუმცა შემცირება იქნება.
ასევე, ჩვენ გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. უზარმაზარი მოცულობით სავალუტო რეზერვები შემცირდა; ტურისტული შემოსავლები 3 მლრდ დოლარის მოცულობით იყო და ამოვარდა ჩვენი ბალანსიდან. ექსპორტი შეგვიმცირდა. თქვენ თუ დააკვირდებოდით ჩემს გამოსვლებს, განსაკუთრებით საბიუჯეტო საკითხების განხილვა როდესაც იყო პარლამენტში, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა სამთავრობო ვალი, 60%-ს გადააჭარბა, ასევე, გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, ბოლო პერიდოში 2-3%-დან თითქმის, 7,5%-მდე არის. ეს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.
მეორე ფაქტორი - ეს იყო თურქეთი, რაც იქ მოხდა. თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ, იქ ერთი კვირის წინ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი შეიცვალა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მესამე ხელმძღვანელია. თუმცა ეს ბოლო პრეზიდენტი გამოირჩეოდა იმით, რომ ატარებდა საკმაოდ მკაცრ ფულად საკრედიტო პოლიტიკას, გავლენას ახდენდა ინფლაციურ პროცესებზე და როგოც კი ეს მოვლენა მოხდა, თურქული ლირა 14,5%-ით გაუფასურდა. ეს პროცესებიც გავლენას ახდენს ლარზე.
მესამე, მე ვფქრობ, რომ ეს არის პანდემიის მესამე ტალღის შესაძლებლობა. კერძოდ, ამ ფაქტიდან გამომდინარე აქტივობის შეზღუდვის შესაძლებლობა“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.