ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს, ზოგჯერ წინმსწრებად იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს - ირაკლი კოვზანაძე

„ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. მე ყოველთვის მოვუწოდებ მას, რომ ზოგჯერ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს იმისთვის, რომ რყევები აიცილოს სავალუტო ბაზართან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების თავიდან არიდება.

ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით, 4 თეთრით გაუფასურდა. დღეისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარია.

“ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა ერთი ინტერვენცია 40 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, მაგრამ თუ თქვენ ნახავთ, შარშან მან 900 მლნ-ზე მეტი გაყიდა, რომ გარკვეული გავლენა კურსზე მოეხდინა. მე მოვისმინე, რომ გაყიდა, მაგრამ, პრაქტიკულად, არანაირი გავლენა არ მოახდინაო და სხვა მსგავსი მოსაზრებები. მე მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკს გარდა ამისა, სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია იმისთვის, რომ ბაზარზე გავლენა მოახდინოს. ეს არის იგივე, რეფინანსირების განაკვეთი, მინიმალური რეზერვები, ინტერვენციები და ა.შ. ის იყენებს იმას, რაც მიაჩნია საჭიროდ. მოდი ასე შევხედოთ, რომ არ გაეკეთებინა ეს ინტერვენცია, რა მოხდებოდა? ასეთ შემთხვევაში, რყევას ვერ აიცილებდა.

როდესაც ჩვენ ბიუჯეტს, თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ვიხილავდით, იქვე ვთქვი, რომ ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში ცენტრალურ ბანკს მოუწევს მეტი ინტერვენციების გაკეთება და ასევე, მოუწევს მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა. ორივე ეს ინსტრუმენტი მან გამოიყენა და კიდევ უფრო მეტად ექნება აქტიურად ჩასართველი სხვადასხვა ინსტრუმენტალიები, რაც მის არსენალში არის.

თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. ეს ჩემი პოზიციაა და ყოველთვის ამას ვამბობ, დღეს განსაკუთრებით. მე ყოველთვის მოვუწოდებ მას, რომ ზოგჯერ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს იმისთვის, რომ რყევები აიცილოს სავალუტო ბაზართან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ნინი ქეთელაური