მოდის ინდუსტრიაში ცნობილი იტალიური ბრენდის - Tod’s-ის მფლობელი დიეგო დელა ვალე რომის კოლიზეუმის რესტავრაციისთვის 25 მლნ ევროს ხარჯავს. კოლიზეუმის რესტავრაცია ასწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს.
იანვარში კოლიზეუმის დირექტორმა ალფონსინა რუსომ განაცხადა, რომ ძეგლის ადმინისტრაცია ეძებს ინჟინერთა და დიზაინერთა ჯგუფს, რომელიც კოლიზეუმში მოძრავ არენას ან სცენას ააგებდა. მოძრავი სცენის მოწყობა კოლიზეუმის რესტავრაციის პროექტის ნაწილია. იტალიის მთავრობამ გიგანტური ამფითეატრის მიწისქვეშა ნაგებობებისთვის მაქსიმალურად მიახლოებული პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით 10 მლნ ევრო გამოყო. იტალიის კულტურის სამინისტროს ეს ინიციატივა განპრობებულია იმით, რომ ტურისტები არენის ცენტრიდან კოლიზეუმის დათვალიერებითაც მოიხიბლონ. გარდა ამისა, ძეგლის მომავალ სცენაზე როკ-კონცერტების ჩატარებასაც გეგმავენ. იდეის ავტორები, ასევე, გეგმავენ აღადგინონ ლიფტის სისტემები, რომლებსაც ძველი რომაელები სცენაზე გლადიატორებისა და ცხოველების ამოსაყვანად იყენებდნენ.
თუმცა რესტავრაციის იდეას კონსერვატორების სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ლოზუნგით - „მოეშვით კოლიზეუმს“. მათ არ სურთ, რომ მოძრავმა სცენამ უძველესი მიწისქვეშა კონსტრუქციების ნანგრევები დაფაროს.
კოლიზეუმის რესტავრაცია 2013 წელს Tod’s-ის მიერ 2-წლიანი სასამართლო დავის მოგების შემდეგ დაიწყო. პროექტის დასპონსორებაზე ყველაზე პირველმა განაცხადი Tod’s-მა გააკეთა. მან კონკურსში მონაწილე 20 კომპანიას შორის გაიმარჯვა და ფინალში ირლანდიურ ავიაგადამზიდავ Ryanair-ს აჯობა.
სამუშაოები ჯერ კიდევ 2011 წელს უნდა დაწყებულიყო, როცა კოლიზეუმის კედლებიდან რამდენიმე ქვა მოწყდა. ძეგლის გამაგრება-რესტავრაცია დაჩქარებული წესით უნდა მომხდარიყო, მაგრამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია Codacons-მა Tod’s-ს სასამართლოში უჩივლა და პროექტიც გაჩერდა. Codacons-ი ასაჩივრებდა კონტრაქტის იმ ნაწილს, რომელიც, ასოციაციის ვარაუდით, Tod’s-ს უფლებას აძლევდა კოლიზეუმის გამოსახულება სარეკლამო მიზნებისთვის განუზომლად გამოეყენებინა. სასამართლო პროცესი, რომელზეც მოდავე მხარეები ერთის მხრივ Codacons, მეორე მხრივ კი რომის მერია და Tod’s-ი იყვნენ, 2 წელი გრძელდებოდა. საბოლოოდ დელა ვალემ პროცესი მოიგო. სასამართლო გადაწყვეტილებით, რაკი Codacons-ი კონტრაქტის მხარეს არ წარმოადგენდა, არც მისი გასაჩივრების უფლება ჰქონდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ