The Wall Street Journal-თან ინტერვიუში სავაჭრო მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენელმა კეტრინ ტაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფების გაუქმებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ეს ტარიფები წინა ადმინისტრაციის დროს გაიზარდა.
„მე ხშირად მესმის შეფასება, რომ ეს ტარიფები უნდა გაუქმდეს, რასაც ვერ დავეთანხმები, რადგან ტარიფების მკვეთრი ცვლილება ეკონომიკას მხოლოდ ავნებს. საბაჟო ტარიფების მოხსნა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ბაზრის მოთამაშეებმა არსებითი კორექტივების შეტანა შეძლონ და დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცეთ“, - განაცხადა კეტრინ ტაიმ.
მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ტარიფები ჩინეთთან მოლაპარაკებებში მოქმედი ინსტრუმენტია და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ბალანსის გათანაბრებაა.
„დღევანდელ ვითარებაში წნეხის ამ ბერკეტზე უარს არავინ იტყოდა“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მარტის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ სავაჭრო პოლიტიკის პროგრამა წარმოადგინა. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პრაქტიკა ამერიკის ტექნოლოგიურ უპირატესობას ზიანს აყენებს, რის საწინააღმდეგოდაც აშშ-ის ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებს.