შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დაჯარიმდა

შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დარღვევების გამო დაჯარიმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შიდა ქართლში, ჯამში, 44 სპეციალიზებული მაღაზია შემოწმდა.

„საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შიდა ქართლის რეგიონში 44 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 16 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

2020 წელს 500-მდე სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა, გამოვლინდა 154 სამართალდარღვევა (მარკირების, შენახვის, რეალიზაციის წესებისა ვადის დარღვევა)“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

შემოწმების შედეგების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/558?fbclid=IwAR3kseRLXmsV-uSdU3h-BczkaNZ01R0_lkpHd31L3ZKKqREq3dY0X1OpLcI.