დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა - Agriteq 2021 გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 ქართული კომპანია: „გურიელი“, „ნათსჯი“, „ჩიკორი“, „გეო ნატურალი“, „აგრითაჩი“, „ელექსირ საქართველო“, „ნუგბარი“, „რუხი 2“, „მაგრიტო“, „კამპა“, „მანნა“, „ბორჯომი“, „კულა“, Georgia' Natural და Kind&Noble.
„მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, კატარში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2021 წელს Agriteq 2021-ში ქართული კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს. Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა . გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთ შესაძლებლობაა კატარში და ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. Agriteq 2021 წლის 27 მარტს დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.