„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულის, რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ინტერესთა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სახსრებიდან არაფერი იხარჯება და ყველა ხარჯს „ცენტრ პოინტი“ საკუთარი ქონებიდან ანაზღაურებს.
როგორც ბასილაიამ რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პროცედურა ლეგალურია და კითხვები იმაზე, რამდენად მართლზომიერია ბიზნესპროექტის განხორციელების ხარჯები, არ არსებობს.
„მინდა განცხადება გავაკეთო იმ სამმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც მიმდინარეობს ინვესტორებს, მერიასა და „ცენტრ პოინტს“ შორის. ეს შეთანხებები ფაქტობრივად, ბოლოშია გასული - მემორანდუმი, კონტრაქტები გაფორმებულია. მერიის მიერ მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ეს ყველაფერი ემსახურება რამდენიმე ათასი დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებას.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ყველა პროცედურა უაღრესად ლეგალურია და ამ პროცედურების და ბიზნესპროექტის მიმდინარეობის დროს სახელმწიფო არცერთ თეთრს არ ხარჯავს. შესაბამისად, იმაზე, რომ შესაძლოა, რომელიმე ინვესტორი ან კომპანია რაღაც სახელმწიფო სახსრებს ხარჯავს და ეს ხარჯები მართლზომიერია თუ არა, კითხვები არც არსებობს. ერთი თეთრიც კი სახელმწიფო სახსრებისგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ იხარჯება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მობილიზებულია ის ქონება, რომელიც „ცენტრ პოინტს“ აქვს და ამ ქონებას აქვს რესურსი, რომ დააკმაყოფილოს როგორც დაზარალებულები, ასევე, ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს მშენებლობების დასრულება“, - განაცხადა ბასილაიამ.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მაია რჩეულიშვილთან, ადვოკატის განმარტებით, ამ მხრივ დაცვის მხარის სრული მზაობაა და დაზარალებულების ინტერესების დასაკმაყოფილებლად „ცენტრ პოინტმა“ ყველა ნაბიჯი გადადგა.
„დღეის მდგომარეობით, წინ არაფერი უდგას მაია რჩეულიშვილთან შეთანხმებასაც საიმისოდ, რომ დაზარალებულთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, მაქსიმალურად მოკლე დროში.
მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს პროკურატურასთან. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი, ეს არის ხელმოწერილი დოკუმენტების სახით, რომელიც ადასტურებს, რომ დაზარალებულების ინტერესების დასაკმაყოფილებლად „ცენტრ პოინტმა“ გადადგა ყველა ნაბიჯი, რისი გადადგმაც შეეძლო“,- განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედნის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.