„ჩვენ წინ გვაქვს ინფლაცია, ამის საშიშროება განსაკუთრებით წლის ბოლოს იქნება“

„ჩვენ წინ გვაქვს ინფლაცია, ამის საშიშროება განსაკუთრებით წლის ბოლოს იქნება,“- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინფლაციისა და ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

“ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა ერთი ინტერვენცია 40 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, მაგრამ თუ თქვენ ნახავთ, შარშან მან 900 მლნ-ზე მეტი გაყიდა, რომ გარკვეული გავლენა კურსზე მოეხდინა. მე მოვისმინე, რომ გაყიდა, მაგრამ, პრაქტიკულად, არანაირი გავლენა არ მოახდინაო და სხვა მსგავსი მოსაზრებები. მე მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკს გარდა ამისა, სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია იმისთვის, რომ ბაზარზე გავლენა მოახდინოს. ეს არის იგივე, რეფინანსირების განაკვეთი, მინიმალური რეზერვები, ინტერვენციები და ა.შ. ის იყენებს იმას, რაც მიაჩნია საჭიროდ. მოდი ასე შევხედოთ, რომ არ გაეკეთებინა ეს ინტერვენცია, რა მოხდებოდა? ასეთ შემთხვევაში, რყევას ვერ აიცილებდა.

როდესაც ჩვენ ბიუჯეტს, თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ვიხილავდით, იქვე ვთქვი, რომ ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში ცენტრალურ ბანკს მოუწევს მეტი ინტერვენციების გაკეთება და ასევე, მოუწევს მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა. ორივე ეს ინსტრუმენტი მან გამოიყენა და კიდევ უფრო მეტად ექნება აქტიურად ჩასართველი სხვადასხვა ინსტრუმენტალიები, რაც მის არსენალში არის.

თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. ეს ჩემი პოზიციაა და ყოველთვის ამას ვამბობ, დღეს განსაკუთრებით. მე ყოველთვის მოვუწოდებ მას, რომ ზოგჯერ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს იმისთვის, რომ რყევები აიცილოს სავალუტო ბაზართან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ლართან მიმართებაში.

მნიშვნელოვანია ამ მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან როგორი იქნება ჩვენი სიტუაცია ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით, როგორ იმუშავებს ფინანსთა სამინისტრო, როგორი იქნება სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორები. ახლა ცენტრალური ბანკის რეზერვები საკმაოდ მაღალია. ეს გამოწვეულია იმით, რომ დონორებისგან კარგი დახმარება დროულად მივიღეთ, რადგან ჩვენ გვქონდა კარგი პოზიციები იგივე ვალთან დაკავშირებით და ა.შ. ახლა ვალის დონე საკმაოდ კრიტიკულია. მე ვაკეთებდი განცხადებებს, რომ მაკროეკონომიკის სტაბილურობის რისკები შეიძლება შეიქმნას. აქამდე ჩვენ კარგად ვიყავით. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკთან ერთად როგორ იმუშავებს ფინანსთა სამინისტრო და მთლიანად მთავრობა.

ჩვენ გვაქვს მაღალი დოლარიზაცია და ამ პირობებში საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია. ჩვენ წინ გვაქვს ინფლაცია, მითუმეტეს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დასრულდა, ამიტომ ინფლაციის საშიშროება განსაკუთრებით წლის ბოლოს გვაქვს. შესაბამისად, მაღალი დოლარიზაციის პირობებში მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია და ლარის კურსი. ეს განსაკუთრებით მძიმე წნეხია ეკონომიკური რეცესიის პირობებში და თავისი შინარსიით ეს არის დამატებითი გადასახადი ხალხისათვის,“-განაცხადა კოვზანაძემ.

თაია არდოტელი