2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (13 878 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (764 კაცი).
2020 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.9 პრომილე შეადგინა.
2020 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.3 პრომილე შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 017 ერთეულით განისაზღვრა. უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო ქართლის რეგიონისა.