რა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივმა მეწარმეებმა თუ ხილის ექსპორტზე გატანა სურთ? - ექსპორტიორების გამოცდილება

სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროდუქციის წარმოება და მოვლა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა სირთულე იქმნება, როცა საქმე რეალიზაციაზე მიდგება, განსაკუთრებით უცხოეთის ბაზრებზე.

აგროსფეროში დასაქმებული ადგილობრივი მეწარმეები ძირითადად, მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე არიან ორიენტირებული, თუმცა როგორც თავად გვიამბობენ, მათი პროდუქციით ინტერესს ევროპის ქვეყნებიც გამოთქვამენ.

გივი ნებუნიშვილი და ბაქარ ჭიკაძე კახეთის რეგიონში სამაცივრე მეურნეობებს ფლობენ და დიდი რაოდენობით ხილი - ატამი, ვაშლატამა და ხურმა ექსპოტზე მეზობელ ქვეყნებში გააქვთ. საკუთარი გამოცდილებით, აღნიშნავენ, რომ თუ ადგილობრივ მეწარმეს სურს, მისი პროდუქტით უცხოეთის ბაზრები დაინტერესდნენ, პირველ რიგში, ხარისხზე უნდა კონცენტრირდნენ.

„შეიძლება, ბევრი ვერ აწარმოო, მაგრამ ხარიხიანი უნდა იყოს, არ უნდა მოიყვანო წვრილი ატამი, უნდა იცოდე ბაღის მოვლა, ყველაფერი დროულად რომ გაკეთდება, პროდუქტი არ გაფუჭდება. ჩვენ გვყავს მებაღეები, ვინც თავიდან არ იცოდა ხეხილის მოვლა, მაგრამ ვასწავლეთ და დღეს მშვენივრად მუშაობენ. ხარისხზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს. ეს ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანია, თუ იცი რას აკეთებ და გარკვეული ხარ შენს საქმეში. თუმცა, ისიც უნდა იცოდე, რომ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შემთხვევაც მოხდეს“, - განგვიმარტა გივი ნებუნიშვილმა.

კახეთში ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად მასშტაბური ინვესტიცია იყო საჭირო, რისთვისაც გივი ნებუნიშვილის ბიზნესი „საქართველოს ბანკისგან“ 520 000 ლარის ოდენობით დაფინანსდა. სამაცივრე მოწყობილობის მეშვეობით ობიექტმა ატმის წლიური წარმოება 450 000 კილოგრამიდან 730 000-მდე გაზარდა. გარდა ამისა, სათბური ვაშლატამის და ხურმის ექსპორტსაც ახორციელებს. ამჟამად, საწარმო 45 ადამიანს ასაქმებს, პროექტის ფარგლებში სამაცივრე მეურნეობის მოცულობის ზრდაა დაგეგმილი.

ბაქარ ჭიკაძე გურჯაანში ცხოვრობს და ხილის წარმოებაში 10 წელია ჩართულია, თუმცა სამაცივრე მეურნეობა დაახლოებით, 4 წელია, რაც შექმნა. მისი თქმით, ხილის ხარისხის კონტროლის გარდა, მნიშვნელოვანია, მწარმოებელმა მკაცრად დაიცვას მისი შენახვის პირობებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

„10 წელია ამ საქმეს ვეწევი, მაგრამ 4 წელია, რაც სამაცივრე მეურნეობა გავაკეთე. ბიზნესს დასჭირდა გაფართოება და „საქართველოს ბანკმა“ შემიწყო ხელი, რომ ორი კამერა კიდევ დამემატებინა. ამ საქმეში რომ წარმატებული იყო, ზუსტად უნდა იცოდე, როდის დაიწყო გაფართოება და როდის რა რაოდენობით პროდუქტზე გააკეთო აქცენტი. ამ საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს და ხანგრძლივმა მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, შემეძინა ბევრი მომხმარებელი. თუ მოთხოვნა იმდენია, რომ მას ვეღარ აკმაყოფილებ, ამ შემთხვევაში უნდა გაფართოვდე. მე თვითონ მაქვს ჩემი საკუთარი ატამი, ვაშლატამი, გარგარიც, საკმაოდ ბევრი და ამ ყველაფრისთვის მჭირდებოდა გაფართოება“, - განგვიმარტა მან.

გურჯაანში ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, მშენებლობა და შესაბამისი დანადგარების შეძენა „საქართველოს ბანკისგან“ ჯამში 546 000 ლარით დაფინანსდა. ობიექტი 80 ადამიანს ასაქმებს, წელიწადში კი 1 800 000 კილოგრამამდე ატამს და ვაშლატამს უწევს ექსპორტს სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

macivaar-1617091321.jpg

ორივე მეწარმე განმარტავს, რომ ზოგადად ბიზნესი და განსაკუთრებით ექსპორტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროდუქციის რაოდენობასა და მის ხარისხზე, ასევე, ბუნებრივ პირობებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია დაზღვევის კომპონენტის შემოტანაც, რომ მნიშვნელოვანი ზარალი არ განიცადონ.

საბოლოო ჯამში, ხარისხმა, რაოდენობამ, რისკების სწორად გათვლამ და ინვესტიციის სწორად ჩადებამ განაპირობა ორივე ადგილობრივი მეწარმის წარმატება უცხოურ ბაზრებზე.