თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება ის რეგულაციები, რაც დღეს კიდევ არის შენარჩუნებული, ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება ვმართოთ. თუ ეს ღონისძიებები დაცული არ იქნება, რისკი იზრდება და შემდეგ საბჭო იმსჯელებს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, იმისთვის, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდეს, მოქალაქეებმა არსებული რეგულაციები უნდა დაიცვან.
„ჩვენ გარკვეული მოწოდებები გვაქვს, თუ რამდენი ადამიანის შეკრებაა დასაშვები და მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ. იმპერატიული შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ უარესდება ეპიდსიტუაცია და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეპიდსიტუაციის გაუარესება. იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომელიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.