ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი  - რატომ იზრდება მოცვის წარმოება რეკორდულად

მსოფლიოში მოცვის წარმოება, ისევე როგორც ექსპორტ-იმპორტი რეკორდულად იზრდება. ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება, რომელმაც აღნიშნული კულტურის ექსპორტი გაასამმაგა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანამ 667.7 ტონა (3,822 მლნ აშშ დოლარი) მოცვის ექსპორტი განახორციელა, 2019 წელს 199.3 ტონა (983.3 ათასი აშ დოლარი) გაიტანა, ხოლო 2018 წელს -104.5 ტონა (445.5 ათასი აშშ დოლარი).

როგორც გამოცემა East fruit წერს, ხილის მწარმოებლები, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის საინვესტიციო ფონდები, მოცვის ბიზნესს ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევენ. შესაბამისად, ამ კენკრის წარმოება მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება.

მოცვის მწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) პროგნოზით, მოცვის მოხმარება 7-10 წლის განმავლობაში გაორმაგდება და 1-დან 2 მილიონ ტონამდე მიაღწევს. როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, კენკრაზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ზრდის უზრუნველსაყოფად, მწარმოებლებმა ეფექტური ზომები უნდა მიიღონ.

ანალიტიკოსების აზრით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოცვის პლანტაციები დამატებით 22,000 ჰექტარზე უნდა გაშენდეს.

კითხვაზე, თუ რატომ არის მოცვის მიმართ სულ უფრო მზარდი ინტერესი, სპეციალისტები ამბობენ, რომ მოცვი არის გემრიელი და ჯანსაღი საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ მიკროელემენტს და მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

გარდა ამისა, მოცვი განსხვავდება მრავალი სხვა საკვებისგან, რადგან ყველა მომხმარებელს უყვარს ერთდროულად ტკბილი და მომჟაო გემო. მაგალითისთვის, აშშ-ში ყოველწლიურად უკვე მოიხმარენ თითო მოსახლეზე დაახლოებით 1,2 კგ მოცვს. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ორი წლის განმავლობაში კენკრის მოხმარება 20% -ზე მეტით გაიზარდა და ერთ ადამიანზე უკვე 250 გრ-ს მიაღწია. დარგის ექსპერტების აზრით, მომავალი 6-8 წლის განმავლობაში ევროპაში მოცვის მოხმარება სავარაუდოდ 900 გრ-მდე გაიზრდება, რაც პირველ რიგში განპირობებულია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ტენდენციით.

ამასთან, როგორც East fruit წერს, ცოტა ხნის წინ ჩატარდა ახალი კვლევა, თუ როგორი გავლენა აქვს მოცვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა დროსაც მეცნიერულად დამტკიცდა, რომ აღნიშნული კენკრა ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების და აგრეთვე დიაბეტის რისკს.

რაც შეეხება ფასებს, ზოგადად მოცვის გასაყიდი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ხილის.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს, მოცვის მწარმოებელთა საშუალო ფასები უკრაინაში 18- ჯერ მეტია, ვიდრე ვაშლის საშუალო ფასები. კერძოდ, 1 კგ მოცვი 215 გრივნა ღირს, ვაშლი კი - 11,7 გრივნა. საქართველოში 1 კგ მოცვის ღირებულება 14,2 ლარს შეადგენს, ხოლო ვაშლის 1,1 ლარს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოცვში ჩადებული ინვესტიცია, გაცილებით მალე ამოიღებს დანახარჯებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ხილში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნებით, სადაც საქართველომ 2020 წელს მოცვის ექსპორტი განახორციელა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. კერძოდ, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი -631.8 ტონა (3,593 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი -10.3 ტონა (78.2 ათასი აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 12 ტონა (54.0 ათასი აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6.5 ტონა (57.5 ათასი აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 5.6 ტონა (23.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ყატარი - 1.4 ტონა (16.8 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური