„არ არის გამორიცხული, ლარის კურსმა დოლართან მიმართებით ოთხსაც მიუკაკუნოს“

„წინაპირობა, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდეს, დღევანდელ მოცემულობაში არ არსებობს“- ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ლარის სტაბილურობის 5 ძირითადი წყაროდან, ოთხი ფაქტობრივად გაჩერებულია, „არ არის გამორიცხული, ლარის კურსმა დოლართან მიმართებით ოთხსაც მიუკაკუნოს“ .

„ლარის კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის უცხოური ვალუტის შემოდინება და ამის 5 მთავარი წყარო იყო ქართულ რეალობაში. ერთი, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ფაქტობრივად განულებულია. თუმცა, პრობლემები დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წელს. მეორე საკითხი იყო ბიზნესის იმ სექტორის აღდგენა, რასაც ტურისტული სექტორი ჰქვია, მას 3 მლრდ დოლარი შემოჰქონდა ქვეყანაში. მესამე კრიტიკული თემა იყო ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები, რაც ასევე ნულზეა დასული და ამას ემატებოდა ექსპორტი და სესხები. ამ ხუთი სექტორიდან ოთხი, მეტ-ნაკლებად ფაქტობრივად აღარ არსებობს ან გაჩერებულია და რჩება მხოლოდ დაკრედიტება. ესეც ორ ნაწილად იყოფა, ბანკების სესხები და სახელმწიფოს მიერ აღებული თანხები. არანაირი წინაპირობა, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდეს, დღევანდელ მოცემულობაში არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ის პროგნოზები რაც დღეს კეთდება, "ლოქდაუნი"იქნება თუ მსგავსი განცხადება, იმ ბიზნესს, რომელმაც გამოცოცხლება დაიწყო იმის მოლოდინით, რომ რამე უკეთესობა იქნება, კიდევ ერთხელ დაარტყამს ნეგატიური მოლოდინების კუთხით და არ არის გამორიცხული, ლარის კურსმა დოლართან მიმართებით ოთხსაც მიუკაკუნოს“,-განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ნინი ქეთელაური