,,მიმდინარე კვირის ბოლომდე სასამართლოში „კარფურის“ წინააღმდეგ ათამდე კომპანიის სარჩელი შევა“

Carrfour-ს ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან. „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე სასამართლოში „კარფურის“ წინააღმდეგ ათამდე კომპანიის სარჩელი შევა.

ივა ჭყონია ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა კომპანიებს კარფურმა 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხა. ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელთან პრობლემაა კონტაქტიც.

,,კარფურთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, თუმცა აქამდე არ იყო ასეთ მსხვილ თანხებზე საუბარი და პრობლემა არ იყო ამ მასშტაბის, რადგან თავად სუპერმარკეტი არ იყო ასეთ დომინანტ მდგომარეობაში და არ იყო ამხელა ქსელი. ამ დრომდე გვქონდა იმედი, რომ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გადაწყდებოდა პრობლემა.

ორჯერ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხრიდან „კარფურს“ გაეგზავნა წერილი შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი არ მოსულა. არადა, დისკომუნიკაციის და პრობლემების შესახებ მუდმივად გვატყობინებენ კომპანიები. მათ არ უდასტურებენ ანგარიშ-ფაქტურებს, მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერენ და ა.შ. განსაკუთრებით ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებს. წლის დასაწყისში ამ პრობლემამ განსაკუთრებით დიდი ფინანსური ზიანი გამოიწვია. მაგალითისათვის, ერთ კომპანიას, 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხეს. სხვაობის მასშტაბი რომ აღიქვათ და ამ დროს, კომპანიები ვერ გადიან კონტაქტზეც კი.

გასულ წელს, ამ საკითხებზე შეხვედრები გვქონდა რითეილერთა ასოციაციასთან, კონკურენციის სააგენტოსთან და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან. ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა შევჯერდით, რომ საუკეთესო გზა სასამართლოა ჩვენი სიმართლის სამტკიცებლად და შედეგის მისაღებად“- განუცხადა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

მისი თქმით, სასამართლოში უკვე შესულია 4 კომპანიის სარჩელი, კვირის ბოლომდე კი მათი რიცხვი ათამდე გაიზრდება.

,,ხაზს ვუსვამ, უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებობდეს საერთაშორისო ბრენდები და უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ყველა უნდა შევჯერდეთ თამაშის საერთო წესებზე. არავის, არცერთ მხარეს არ უნდა მიადგეს ფინანსური ზიანი. ახლა კი კარფური დომინირებულ მდგომარეობაშია და ჩვენი თანხები აქვთ, რის გამოც ფინანსურ ზარალს განვიცდით. მიმდინარე კვირის ბოლომდე ათამდე კომპანიის სარჩელი შევა სასამართლოში კარფურის წინააღმდეგ.

პრესკონფერენციის შემდეგ, არაერთი ზარი მივიღე, რომ სხვა კომპანიებსაც აქვთ ანალოგიური პრობლემა. დარწმუნებული ვარ კიდევ დაემატება კომპანიები, რომლებიც აქამდე ამას ვერ ბედავდნენ. ამ მომენტისთვის, უკვე შეტანილია 4 სარჩელი“- აცხადებს ჭყონია.

თამარ მუკბანიანი