სატელევიზიო მომსახურების ხარისხი საქართველოში

თბილისმა უმასპინძლა ექსპერტებს, რომლებიც განიხილავენ მომავალში სატელევიზიო სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ბლოგ GEO Digital TV-ს მიერ. ღონისძიების ძირითადი თემა იყო სატელევიზიო სერვისები და მომხმარებელთა უფლებები საქართველოში. ექსპერტები სხვადასხვა სფეროებიდან წარმოადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს სატელევიზიო მომსახურებებისა და მისი პერსპექტივების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დიგიტალიზაციის პროცესთან. მოგახსენებთ, რომ საქართველო მომავალი წლის ზაფხულიდან ნაცვლად ანალოგური სიგნალისა იწყებს ციფრულ მაუწყებლობას.

საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა კვლევის სააგენტომ IPM წარმოადგენა კვლევის შედეგი, რომელიც უკავშირდება ქართული აუდიტორიის კმაყოფილებას არსებული სატელევიზიო სერვისებით. IPM-ის მიერ ჩატარებული კვლევა განხორციელდა გასულ თვეში საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული კვლევის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხული მოსახლეობის 60%-სთვის ტელეგამოსახულება ძალზე მნიშვნელოვანია, 2%-სთვის - მეტ-ნაკლებად უმნიშნველო, ხოლო 23%-სთვის - მისაღები.

ღონისძიების მიმდინარეობისას მომხმარებელთა უფლებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამთა ტეფნაძემ. წარმოდგენილი პრეზენტაციისას განსაკუთრებით აღსანიშნავია შშმ პირთა უფლებები, რომელიც ამ ეტაპზე სატელევიზიო პროდუქციის მიწოდებისას უმეტეს შემთხვევაში უგულვებელყოფილია. ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთია, რომელიც საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას სმენადაქვეითებულ პირებს სთავაზობს დამატებით სპეციალურ სერვისს, რომლის მეშვეობითაც მათთვის შესაძლებელი ხდება ინფორმაციის მიღება. ამგვარად აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. ცოტა ხნის წინ ერვროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება კი გულისხმობს შშმ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების, მათ შორის სატელევიზიო სერვისების სრულფასოვნად მიწოდებას.

ღონისძიების კიდევ ერთმა გამომსვლელმა, კომპანია SNL Kagan-ის აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკოსმა პიოტრ გეიბერმა წარმოადგინა პრეზენტაცია "აღმოსავლეთ ევროპაში pay-TV-ის განვითარების ბერკეტები". "ფასიანი სატელევიზიო სერვისების მიწოდების საკითხი მეტად მნიშნველოვანია, რადგანაც კომპანიის ანალიზის თანახმად აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ფასიანი ტელევიზიის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს აღმოსავლეთ ევროპის DTH ოპერატორების მონაცემებს და მეტად თვალსაჩინოა მონაცემთა ზრდა გასული 5 წლის (2008-2013) განმავლობაში, ის ამ დროის განმავლობაში 96%-ით გაიზარდა", - განაცხადა პიოტრ გეიბერმა.

"IPTV მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსულ საჩივრებს თუ დავეყრდნობით, პრეტენზიები ძირითადად შეეხება სხვადასხვა არხის ყურებისას დაფიქსირებულ ხარვეზებს. საუბარია გამოსახულებაზე, როდესაც შეიძლება მოულოდნელად ტრანსლირება საერთოდ შეწყდეს", - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხში თამთა ტეფნაძემ. "არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით დღეს არსებული მექანიზმი არ არის ეფექტური. როგორც იცით, „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმები გადავიდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. ეს კოდექსი კი არ საჩივრდება არც სასამართლოში და არც კომისიაში, შესაბამისად, არც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომართავენ საჩივრებით. საჩივრის უფლების მქონე პირთა წრე, რომელსაც შეუძლია საჩივრით მიმართოს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხებზე დღევანდელი მოცემულობით შეზღუდულია, შესაბამისად დღის წესრიგში შეიძლება დადგეს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა", - დასძინა კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

ღონისძიების მოდერატორი იყო ბლოგ Geodigita.TV-ს მთავარი რედაქტორი, ივან პოლტავეცი. ღონისძიებას დაესწრო ტელეკომუნიკაციის სექტორის, ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე წამყვანი მედიის ჟურნალისტები.

( R )

იხილეთ ვიდეო