სინგაპურში საგამოფენო დარბაზი იზოლირებული ბიზნეს-შეხვედრების ადგილად გადააკეთეს

BBC-ის ცნობით, სინგაპურში საქმიანი შეხვედრებისა და გარიგებების საერთაშორისო ცენტრი გაიხსნა, სადაც უცხოელი ბიზნესმენები ჩამოდიან, იზოლაციის პირობებში შეხვედრებს მართავენ, გარიგებებს ხელს აწერენ და უკან მიფრინავენ. ამისთვის იდეის ავტორებმა საკონფერენციო და საგამოფენო შენობა გამოიყენეს, სადაც ეს ღონისძიებები Covid-19-ის პანდემიის გამო კარგა ხანს აღარ ტარდება.

შენობა სოციალური დისტანციის ადგილად გადაკეთდა: გაკეთდა მინის ბარიერები, დამონტაჟდა ელექტრონული სპიკერ-დანადგარები, დოკუმენტების გაცვლისთვის კი სპეციალური ჰერმეტული კაბინა დაამზადეს.

BBC დეტალურად აღწერს, თუ როგორ სერვისს გულისხმობს ეს ცენტრი: სინგაპურში ჩამოფრენილი უცხოელი ბიზნესმენი აეროპორტში სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ აღნიშნულ შენობაში მიყავთ, სადაც სასტუმროს მსგავსად კომფორტულ ნომერს ჯავშნის. ნომერში ბიზნესმენი რამდენიმე საათით ტესტირების პასუხს ელოდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მას შეუძლია მოსასვენებელი სხვადასხვა საშუალება გამოიყენოს, როგორიცაა, მაგალითად, სპორტული ტრენაჟორი.

ბიზნეს-მგზავრებს საშუალება აქვთ, ჩანიშნონ და გამართონ შეხვედრები ისეთ დარბაზში, სადაც მოლაპარაკებების მაგიდის ცენტრში მოწყობილი მინის ჯებირების გარდა, ორივე მხარისთვის სპეციალურად დამონტაჟებული დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემებია. კომუნიკაციისთვის მხარეებს ელექტროსპიკერების გამოყენება შეუძლიათ. დოკუმენტების გასაცვლელად მოწყობილია პატარა ჰერმეტული კაბინა, რომელსაც ორივე მხარეს ილუმინატორის მსგავსი გასაღები აქვს. ამ ყველაფრის შედეგად ბიზნეს-შეხვედრის მონაწილეთა ფიზიკური კონტაქტი აბსოლუტურად გამორიცხულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ