,,გაურკვევლობა გაცილებით უარესია ბიზნესისთვის, ვიდრე გარკვეულად ცუდი მომავალი“- ამის შესახებ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ამ რეალობაში, შეუძლებელია ბიზნესის მოლოდინებზე საუბარი.
,,ბიზნესი, აბსოლუტურ გაურკვევლობაშია, რაც გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე გარკვეულად ცუდი მომავალი. პირობითად ვამბობ, მირჩევნია ვიცოდე, რომ 4.0 იქნება და ვემზადო ამისთვის. ამ სიტუაციაში შეუძლებელია თქვა რამე, რომ აი, ამ შემთხვევაში გაძვირდება პროდუქცია, ამ შემთხვევაში ფასები შენარჩუნდება ან რამე, მსგავსიც კი.
ეროვნული ვალუტა, უბრალოდ არ გვაქვს. ხელოვნურ აპარატზეა მიერთებული, აპარატიდან არ ვრთავთ და გულს ვამუშავებთ, მაგრამ გაცოცხლების არავითარი იმედი არ არის“, - განაცხადა ივა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, 15:40 საათის მონაცემებით, ,,ბლუმბერგზე“ 1 დოლარი 3.41 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის დადგენილი ოფიციალური კურსით კი 30 მარტს ერთი დოლარი 3.38 ლარი ღირს.