„ნამახვანჰესის“ პროექტი გაგრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა კვლევის გადასამოწმებლად დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს მოიწვევენ.
„ქვეყანას და ბიზნესს სჭირდება განვითარება. ეს არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის, სიძლიერის ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ ვითვალისწინებთ რაციონალურ და ლეგიტიმურ წუხილს, რაც იყო მოსახლეობისგან. იგივე უსაფრთხოებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ჩვენც ყველა დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს მოვიწვევთ იმისთვის რომ, გადამოწმდეს ყველა კვლევა და იყოს მეტი ნდობა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა აქტივისტების მოთხოვნას, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
„ყველა თანამდებობა წარმავალია, მარადიულია მარტო ეროვნული ინტერესი. ჩვენ ეროვნულ ინტერესშია განვამტკიცოთ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ამიტომ „ნამახვანი ჰესი“ აშენდება იმდაგვარად, რომ ყველა წუხილზე იქნება ნაპასუხები“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვდნენ.