,,ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული მიდგომებით არაერთხელ გადაარჩინა ბიზნესი და მოსახლეობა“

,,ლარი ბოლო ერთ თვეში 2.6 პროცენტით გაუფასურდა და არა „ . . . 20 პროცენტით რამდენიმე დღეში“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

,,ბიზნესპრესნიუსი“ კობა გევენეტაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია.

ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული მიდგომებით არაერთხელ გადაარჩინა ბიზნესი და მოსახლეობა. ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ამ განცხადებაშია ჩამოთვლილი, პანდემიის ფონზე დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეროვნული ბანკი ზუსტად იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მსგავს მოწოდებებს არ აჰყვეს.

გონივრული და თანმიმდევრული მიდგომების შენარჩუნებით, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარანტია, ამ შოკსაც გავივლით!PS ლარი ბოლო ერთ თვეში 2.6 პროცენტით გაუფასურდა და არა „ . . . 20 პროცენტით რამდენიმე დღეში“.

PPS დედოლარიზაციას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს.“ -წერს გვენეტაძე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4118 ლარი შეადგინა.

თამარ მუკბანიანი