"კარფური" დისტრიბუტორების სარჩელს პასუხობს. საუბარია, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის" განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე კვირის ბოლომდე სასამართლოში „კარფურის“ წინააღმდეგ ათამდე კომპანიის სარჩელი შევა. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, არის შემთხვევები, როცა კომპანიებს "კარფურმა" 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხა. ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელთან პრობლემაა კონტაქტიც.
მისი თქმით, სასამართლოში უკვე შესულია 4 კომპანიის სარჩელი, კვირის ბოლომდე კი მათი რიცხვი ათამდე გაიზრდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "კარფურის" განცხადებას "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი კარფური, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2012 წლიდან საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, კარფურს აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში.
წლების განმავლობაში, კარფურის ქსელის გაფართოების საფუძველზე, კომპანიასთან ერთად მრავალი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი განვითარდა და ასევე ქვეყანაში დასაქმდა 2500-მდე საქართველოს მოქალაქე.
კომპანია კარფური საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს.
ამასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან კარფურის მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას",- ნათქვამია განცხადებაში.