ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე - წლის პირველ ნახევარში შევძლებთ გამოვაცხადოთ ინვესტორებისთვის კონკურენტული შერჩევის პროცესი

წლის პირველ ნახევარში შევძლებთ გამოვაცხადოთ ინვესტორებისთვის კონკურენტული შერჩევის პროცესი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.

„პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, რომ გავააქტიუროთ მომზადება ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა რეგიონში, ზოგადად გლობალურადაც და პანდემიის პირობებში. აქტიურად ვმუშაობთ განვაახლოთ სატენდერო დოკუმენტაცია. ვფიქრობთ, რომ წლის პირველ ნახევარში შევძლებთ გამოვაცხადოთ ინვესტორებისთვის კონკურენტული შერჩევის პროცესი“,- განაცხადა ნათია თურნავა.

ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც ინვესტორის შერჩევის პროცესში დახმარებას გაუწევს.