„დღეს სამი კრიზისი გვაქვს ქვეყანაში“ – „საქართველო მიმზიდველი აღარ არის ფულის ჩასადებად“

„დღეს სამი კრიზისი გვაქვს ქვეყანაში - საქართველო მიმზიდველი აღარ არის ფულის ჩასადებად“ , - ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს უახლოესი 100 დღის სამოქმედო გეგმაც კი არ აქვს, ქვეყანა ბიზნესისთვის მიმზიდველი აღარ არის.

„დღეს სამი კრიზისი გვაქვს ქვეყანაში. ეს არის პანდემია, ანუ ჯანდაცვის სექტორი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები. ეს ყველაფერი აბსოლუტურად კლავს ბიზნესის კეთების პერსპექტივას ამ ქვეყანაში. დაახლოებით, ორი კვირის წინ გახლდით პარტნიორებთან ემირატებში და მათაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ გაჩერებული ამ მიმართულებით. იმიტომ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა მიმზიდველი აღარ არის ფულის გამოსაგზავნად, ჩასადებად. ქვეყნის სტაბილურობა იწყება იქ, სადაც ჯერ უნდა გვესმოდეს, ვაქცინაცია არის აუცილებელი, რათა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს ქვეყანა. სტაბილურობა იწყება იქ, რომ პოლიტიკურად იყოს სტაბილური. ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც მსხვილ პროექტს შეეხება, აუცილებელია და კრიტიკულია სახელმწიფოს ჩართულობა. სტაბილურობა იწყება იქ, რომ გვესმოდეს, ბიზნესის მიერ გადადგმული გამოცოცხლების ნაბიჯებს მხარდაჭერა სჭირდება.

ჩვენს დარგს გაჟღერებული ჰქონდა, ელემენტარულად ქონების გადასახადის შეღავათი მაინც გაგვიკეთეთ, სამწუხაროდ, კომუნიკაცია ისევ არ არის. ამ დროს, ახალი პრემიერის განცხადება გვესმის, რომ სამ თვეში დაიდება ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა. ეს ხომ ილუზიაა?! 10 -წლიანი კი არა, 100 დღიანი გეგმა გვაინტერესებს, შემდეგი 6 თვის გეგმა გვაინტერესებს... დღეს კრიტიკული გადაწყვეტილებებია მისაღები და ამ მიმართულებით რამე რომ კეთდებოდეს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ“,- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ნინი ქეთელაური