ვახტანგ ბუცხრიკიძე - ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში

ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში,- ამის შესახებ "თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის პირველი ნახევარი ქართული ეკონომიკისთვის რთული იქნება.

"ალბათ მეორე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის ვაქცინაცია. ასევე, როგორ გაიხსნება ქვეყნის ეკონომიკა ტურისტებისთვის. ეკონომიკის აღდგენა დაიწყება სექტემბერში, ოქტომბერში, თუ სხვა პერიოდში - დამოკიდებულია ამ ფაქტორებზე. ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელია მას შემდეგ რაც, პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში. ყველა ბიზნესის შესაძლებლობა არის გაცილებით მცირე და პოტენციალიც ნაკლები, ვიდრე ეს იყო კრიზისამდე”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 ლარი შეადგინა.